ზიგმუნდ ფროიდი – დოსტოევსკი და მამის მკვლელობა

0

დოსტოევსკის პიროვნებაში ოთხი ასპექტი უნდა განვასხვავოთ: მწერალი, ნევროზით დაავადებული, მორალისტი და ცოდვილი. როგორ გავართვათ თავი ამ დამაბნეველ სირთულეს?

დოსტოევსკი, როგორც მწერალი, ყველაზე ნაკლებ კითხვას ბადებს. მან დაიმკვიდრა ადგილი შექსპირის გვერდით. „ძმები კარამაზოვები“ საუკეთესო რომანია მათ შორის, რაც კი ოდესმე დაწერილა, დიდი ინკვიზიტორის ეპიზოდი კი – მსოფლიო ლიტერატურის შედევრი. სამწუხაროდ, მწერლის შემოქმედების პრობლემის წინაშე ფსიქოანალიზი უძლურია.

ყველაზე მეტ კრიტიკას იმსახურებს დოსტოევსკი, როგორც მორალისტი. როცა დოსტოევსკის მაღალზნეობრივ ადამიანად წარმოაჩენ და ამის დასტურად იმ მოსაზრებას მოიშველიებენ ხოლმე, თითქოს ზნეობრიობის მაღალ საფეხურს მაშინ აღწევდე, როცა ცოდვით დაცემის უფსკრულს დააღწევ თავს, ამით ერთ რამეს უგულებელყოფენ: ზნეობრივმა ადამიანმა შინაგანი ცდუნებაც კი უნდა უარყოს და არ დანებდეს მას. ის კი, ვინც მონაცვლეობით ხან ცოდვას სჩადის და ხან ამ ცოდვის მონანიების შედეგად მაღალზნეობრივ მოთხოვნებს აყენებს, ადვილად იმსახურებს საყვედურს, რომ საკუთარი ცხოვრების მყუდროდ მოწყობა განუზრახავს.ის არ იცავს ზნეობის უმთავრეს პრინციპს: არ აჰყვეს ცდუნებას, რადგან ზნეობრივი ცხოვრება ადამიანის ინტერესების პრაქტიკული მსახურებაა. ასეთი ადამიანი ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდის ბარბაროსს გვახსენებს, რომელიც მოძმეს კლავდა, შემდეგ კი სინანული შეიპყრობდა ხოლმე, ასე რომ სინანული ერთგვარი მეთოდი იყო, რომელიც მას ახალი მკვლელობისკენ უთავისუფლებდა გზას. სწორედ ასე იქცევა ივანე მრისხანეც. დიახ, სინდისთან გარიგება რუსული ხასიათის ძირითადი ნიშანია. არც დოსტოევსკის ზნეობრივი ბრზოლის საბოლოო შედეგია სასახელო. ბრძოლა, რომელსაც დოსტოევსკი ასე თავგანწირვით ეწოდა ინდივიდის ინსტიქტების მოთხოვნების შესარიგებლად საზოგადოების მოთხოვნებთან, რეგრესით დასრულდა და გზამ, რომელსაც ის ამ ბრზოლის შემდეგ დაადგა, საერო და სასულიერო ავტორიტეტთა მორჩილებამდე, იმპერატორისა და ქრისტიანული ღმერთის თაყვანისცემამდე და და შეზღუდულ რუსულ ნაციონალიზმამდე მიიყვანა; ეს არის შედეგი, რომლის მიღწევას გაცილებით ნაკლები სულიერი შესაძლებლობების ადამიანებმა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლეს. ამ დიდი პიროვნების სუსტი წერტილი სწორედ ეს გახლავთ. დოსტოევსკიმ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა – გამხდარიყო მასწავლებელი და ადამიანთა განმათავისუფლებელი ნაცვლად ამისა, ციხის ზედამხედველებს შეუერთდა. კაცობრიობის კულტურულ მომავალს მისი სამადლობელი ბევრი არაფერი ექნება. მისი ნევროზიც, ალბათ, ამაში გამოვლინდა და მარცხისთვისაც სწორედ ამიტომ იყო განწირული. პრობლემის ღრმად წვდომის უნარმა და ამდამინებისადმი სიყვარულის ძალამ მას მსახურება სხვა – მოციქულის – გზა დაანახვა.

დოსტოევსკის, როგორც ცოდვილისა და დამნაშავის, გააზრება მწვავე პროტესტს იწვევს, რომელის სრულებით არ ეფუძნება დამნაშავის ბიურგერულ გაგევას. ნამდვილი მოტივის გამოვლენას ადვილად შევძლებთ.დამნაშავისთვის ორი რამაა არსებითი: უკიდეგანო ეგოიზმი და ძლიერი დესტრუქციული მიდრეკილება. ორივეს საერთო ნიშანი და მათი გამოვლენის წინაპირობა უსიყვარულობა და ობიექტის (ადამიანის) ემოციური შეფასების ნაკლულობაა. ამის საპირისპიროდ კი მაშინვე დოსტოევსკი გვახსენდება: სიყვარულის მისი ძლიერი მოთხოვნილება და სიყვარულის განუზომელი უნარი, რომელიც მის უკიდეგანო სიკეთეში ვლინდება, თუმცა სრული უფლება აქვს სძულდეს და შურისმაძიებლად იქცეს; მაგალითისთვის პირველ ცოლთან და მის საყვარელთან დამოკიდებულებაც საკმარისია. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: მაშ საიდან ჩნდება დოსტოევსკის დამნაშავედ შერაცხვის ცდუნება? ამ კითხვას შემდეგი პასუხი უნდა გაეცეს: სიუჟეტებიდან, რომლებსაც ის ირჩევს, მოძალადე, მკვლელი, ეგოცენტრული პერსონაჟებიდან, რომლებსაც ის გვიხატავს და რომლებიც მის სულიერ სამყაროში ამგვარ მიდრეკილებათა არსებობაზე მიუთითებს ასევე რამდენიმე ფაქტიდან, რომლებსაც მისი პირადი ცხოვრებიდან ვიგებთ: ახარტული თამაშებით მისი გატაცება და სექსუალური ძალადობა არასრულწლოვან გოგონაზე („აღსარება“). ეს წინააღმდეგობრიობა ამგვარად უნდა გადაიჭრას: დოსტოევსკის დესტრუქციული მისწრაფებები, რომლებსაც ის სულ იოლად შეეძლო ექცია დამნაშავედ, ცხოვრებაში უმთავრესად საკუთარი პერსონის წინააღმდეგ იყო მიმართული (გარედან შიგნით და არა შიგნიდან გარეთ); ასე რომ, ეს ტენდენციები თავს ავლენდა, როგორც მაზოხიზმი და დანაშაულის გრძნობა. მის პერსონაში სადისტური თვისებები მაინც მრავლადაა და ისინი უმეტესად, მის აღგზნებადობაში, ტაჯვისაკენ მანიაკალურ მიდრეკილებასა და შეუწყნარებლობაში გამოიხატება. ეს თვისებები საყვარელ ადამიანეთან დამოკიდებულებაშიც ვლინდება და იმ მანერაშიც, როგორც ის საკუთარ მკითხველს ექცევა. ასე რომ, წვრილმანებში ის სადისტია და ეს თვისება შიგნიდან გარეთაა მიმართული, არსებით საკითხებში კი ის საკუთარ თავთან დამოკიდებულიებაში მაზოხისტია, ანუ გულჩვილი, კეთილი და მუდამ მოყვასის დამხმარე. დოსტოევსკის რთული პიროვნებიდან სამი ფაქტორი გამოვყავით – ერთი რაოდენობრივი და ორი თვისებრივი: მისი მოჭარბებული აფექტურობა, პერვერსიული ლტოლვები, რომლებსაც ის სადო–მაზოხისტად ან დამნაშავედ უნდა ჩამოეყალიბებინა და მისი შემოქმედებითი ნიჭი, რომელიც ანალიზს არ ექვემდებარება. თვისებათა ამ კომბინაციას, შეიძლება, ნევროზის გარეშეც ეარსება: ხომ არსებობენ აბსოლუტური მაზოხისტები, რომლებიც ნევროზით არ არიან შეპყრობილი. ზალთა თანაფარდობის მიხედვით ინსტიქტურ ლტოლვასა და მის შემაკავებელ ფაქტორებს შორის, რომლებსაც სუბლიმაციის შესაძლებლობაც უნდა დავურთოთ, დოსტოევსკი: „იმპულსური ხასიათის“ ადამიანად შეგვეძლო მიგვეჩნია. თუმცა სიტუაციას ართულებს ნევროზი, რომლის არსებობაც ამ პირობებში გარდაუვალი არ არის, მაგრამ ის მით უფრო სწრაფაც ჩნდება, რაც უფრო ღრმაა კონფლიქტი, რომელიც „მემ“ უნდა დაძლიოს. ნევროზი ხომ მხოლოდ იმის ნიშანია, რომ „მემ“ ეს სინთეზი ვერ შეძლო და ამის მცდელობისას მსხვერპლად თავისი ერთიანობა გაიღო.

რაში ვლინდება ნევროზი? დოსტოევსკი საკუთარ თავს ეპილეფსიით დაავადებულს უწოდებდა – და სხვებიც ასე თვლიდნენ – რადგან ხშირად ემართებოდა ეპილეფსიური შეტევები თანმდები კონვულსიური კრუნჩხვებით, ცნობიერების დაკარგვითა და შემდგომი დეპრესიული განწყობით. სავარაუდოდ, ეს ე.წ. ეპილეფსია მისი ნევროზის სიმპტომი იყო, რომელიც უნდა განისაზღვროს, როგორც ეპილეფსიური, ანუ მძიმე ისტერია. ამის დაზუსტებით თქმა გაგვიჭირდება იმ ორი მიზეზის გამო, რომ ჯერ ერთი, დოსტოევსკის ეპილეფსიური ამნეზის მონაცემები არასრული და არასაიმედოა, მეორეც, ეპილეფსიურ შეტევებთან დაკავშირებულ ავადმყოფურ მდგომარეობათა გააზრება ნათელი არ არის.

ახლა კი მეორე პუნქტზე გადავიდეთ. ეპილეფსიის პათოლოგიის ხელმეორედ აღწერა, ვფიქრობ ზედმეტია და რაიმე კონკრეტულ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს, თუმცა უნდა ითქვას, რომ Morbus sacer–ის მოჩვენებით კლინიკურ მთლიანობას დღესაც ხაზგასმით აღნიშნავენ და ამგვარად ახასიათებენ: მძიმე დაავადება, მოულოდნელი, ერთი შეხედვით არაპროვოცირებული კრუნჩხვითი შეტევებით, ხასიათის ცვლილებებით, რომელიც გამოიხატება აგზნებადობით, აგრესიულობითა და ინტელექტუალური საქმიანობის მკვეთრი დაქვეითებით. აღწერილი კლინიკური სურათი საბოლოოდ მაინც ერტობ ბუნდოვანია. მძიმე შეტევები, რომლებსაც თან ახლავს ენის მოკვნეტა, უნებლიე შარდვა, გახსირებული, სიცოცხლისათვის საშიში Status epilepticus–ი, რომელიც მძიმე თვითდაზიანებებით ხასიათდება, შეიძლება შესუსტდეს და ხანმოკლე შეტევებში , ასევე ხანმოკლე თავბრუსხვევაში გადაიზარდოს, ან შეიძლება ის ისეთმა მდგომარეობამ ჩაანაცვლოს, როცა ავადმყოფი ისე იქცევა, თითქოს არაცნობიერების კარნახს ემორჩილება. რაც უნდა უცნაურად გვეჩვენებოდეს, ფიზიკური მიზეზებით განპირობებული ეს მდგომარეობა თავდაპირველად, შეიძლება, გამოვლინდეს, როგორც ფსიქიკური მიზეზის (შიშის) შედეგი და შედეგიც სწორედ მასზე იყოს დამოკიდებული. უკვე ვთქვით, რომ ეს დაავადება უმეტეს შემთხვევაში ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აქვეითებს, თუმცა ერთი შემთხვევა მაინც არის ცნობილი, როცა მას ინტელექტუალურ საქმიანობაზე გავლნა არ მოუხდენია (ჰელმჰოლცი) (სხვა ამგვარი შემთხვევები სხვადასხვა ეჭვს ბადებს და ისევე გაურკვეველია, როგორც დოსტოევსკის შემთხვევაში). ეპილეფსიით დაავადებულმა, შეიძლება, გონებრივად განუვითარებლის შთაბეჭდილება დატოვოს, რადგან მას მკვეთრად გამოხატული იდიოტიზმის ნიშნების და ტვინის მნიშვნელოვანი დეფექტები ახასიათებს, თუმცა ეს ნიშნები, შეიძლება, არც იყოს ეპილეფსიის კლინიკური სურათის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი; თუმცა მსგავსი შეტევები თავისი სახეცვლილებებით იმათაც ემართებათ, რომლებიც მოჭარბებული აფექტურებოთ ხასიათდებიან და ამ აფექტურობას, უმეტესად, სათანადოდ ვერ მართავენ. ამიტომ რა გასაკვირია, როცა ასეთ ვითარებაში „ეპილეფსიის“ ერთიანი კლინიკური სურათის დანახვა შეუძლებელია. ის, რაც დასახლებული სიმპტომების ერთგვაროვნებაში ვლინდება, როგორც ჩანს, ფუნქციურ გაგებას ითხოვს: პირველადი ინსტიქტების არანორმალური გამოთავისულების მექანიზმი თითქოს ორგანულადაა მზად, მაგრამ სხვადასხვა პირობებში გამოიყენება: როგორც ტვინის ქსოვილის მძიმე დაავადებებით გამოწვეული ტვინის ფუნქციური მოშლისას და ტოქსიკური დაავადებებისას, ისე ფსიქიკური ეკონომიის არასაკმარისი კონტროლისას და სულიერი ენერგიის კრიზისული ფუნქციონირებისას.ამ ორმაგპბის მიღმა  უნდა დავუშვათ იმ მექანიზმის იდენტურობა, რომელიც პირველადი ინსტიქტების გამოთავისუფლებას უდევს საფუძვლად. ეს მექანიზმი სექსუალური პროცესებისგან არცთუ შორსაა; უკვე ძველად ექიმები კოიტუსს პატარა ეპილეფსიას უწოდებდნენ და სექსუალურ აქტში ეპილეფსიური გამაღიზიანებლის გამოთავისუფლების შერბილებასა და ადაპტაციას ხედავდნენ.

„ეპილეფსიური რეაქცია“, როგორც მას შეგვიძლია ვუწოდოთ, ნევროზსაც ემსახურება; როცა ნევროზი გამაღიზიანებელ ფაქტორებს ფსიქიკურად, თავს ვერ ართმევს, მაშინ ის გაღიზიანების მასის სომატური გზით ლიკვიდაციას ცდილობს. ამგვარად, ეპილეფსიური შეტევა ისტერიის სიმპტომად გადაიქცევა, განიცდის მასთან ადაპტაციას და სახეცვლილებას ისე, როგორც სექსუალური პროცესის ნორმალური განვითარებისას ხდება. ასე რომ, სრულიად სამართლიანად განასხვავებენ ორგანულ ეპილეფსიას „აფექტურისგან“. ამ განსხვავების პრაქტიკული მნიშვნელობა შემდეგში მდგომარეობს: ორგანული ეპილეფსია ტვინის დაავადებას იწვევს, „აფექტური“ კი ნევროზით დაავადებულთა მახასიათებელია. პირველ შემთხვევაში სულიერი ცხოვრება გარედან ზიანდება, მეორე შემთხვევაში კი დაზიანება თავად სულიერი ცხოვრების გამოხატულებაა. დიდი ალბათობით, დოსტოევსკის ეპილეფსია მეორე ტიპს უნდა მივაკუთვნოთ. ამის დამტკიცება ძნელია, რადგან მსგავს შემთხვევაში, მთელი მისი სულიერი ცხოვრების კონტექსტში, პირველი სიმპტომები და ამ შეტევების შემდგომი ცვლილებები უნდა გავითვალისწონოთ, ამისთვის კი ძალზე ცოტა რამ ვიცით. თავად ამ შეტევების აღწერა ბევრს არაფერს გვაძლევს; შეტევებსა და განცდებს შორის კავშირის შესახებ ინფორმაცია ან არასრულია, ან წინააღმდეგობრივი. სავარაუდოდ, დოსტოევსკის შეტევები ბავშვობაში დაეწყო. ეს შეტევები თავიდან მსუბუქი სიმპტომებით ხასიათდებოდა და ეპილეფსიური ფორმა მოგვიანებით, თვრამეტი წლის ასაკში მამის მკვლელობის შემაძრწუნებელი განცდის შემდეგ მიიღო. ძალზე ნიშანდობლივი იქნებოდა, თუ დამტკიცდებოდა, რომ ციმბირში გადასახლების პერიოდში მას ეს შეტევები შეუწყდა, მაგრამ ამ ვარაუდს სხვა მონაცემები ეწინააღმდეგება. „ძმები კარამაზოვების“ მამის მკვლელობასა და თავად დოსტოევსკის მამის ბედისწერას შორის აშკარა კავშირი დოსტოევსკის არაერთ ბიოგრაფს მოხვედრია თვალში. ამ კავშირმა მათ მზერა „გარკვეული თანამედროვე ფსიქოლოგიური მიმართულებისკენ“ მიაპყრობინა. ფსიქოანალიზი – რადგან თანამედროვე მიმართულებაში სწორედ მას ვგულისხმობთ – ამ მოვლენას უმძიმეს ტრამვად, დოსტოევსკის რეაქციას კი მისი ნევროზის ამოსავალ წერტილად მიიჩნევს. თუ ამ მოსაზრების დასაბუთებას ფსიქოანალიზის პოზიციიდან ვეცდები, ვშიშობ , დიდ გაუგებრობას გამოვიწვევ მათში, ვინც ფსიქოანალიზურ მოძღვრებასა და მისი გამოხატვის თავისებურებებს არ იცნობს.

ჩვენი ამოსავალი წერტილი საიმედოა, რადგან კარგად ვიცნობთ დოსტოევსკის პირველი შეტევების შინაას „ეპილეფსიის“ გამოვლენამდე ბევრად ადრე. ეს შეტევები სიკვდილს ჰგავდა, სიკვდილის შიში წარმართავდა და ლეთარგიული ძილით გამოიხეტებოდა. ბავშვობაში უეცარი, უსაფუძვლო კაეშანი შეიპყრობდა ხოლმე, ისეთი გრძნობა – როგორც მოგვიანებით თავის მეგობარ სოლოვიოს აღუწერდა – თითქოს უნდა მომკვდარიყო; ამის შემდეგ, მართლაც, სიკვდილის მსგავს მდგომარეობაში ფიოდორი ძილის წინ წერილს ტოვებდა ხოლმე, რადგან ეშინოდა, რომ სიკვდილის მსგავსი ძილი შეიპყრობდა და ითხოვდა, მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ დამმარხეთო.

ჩვენ კარგად ვიცნობთ ამგვარი შეტევების აზრსა და ზრახვებს. ეს შეტევები მკვდართან იდენტიფიკაციის მნიშვნელობას იძენს, ადამიანთან, რომელიც მართლა მოკვდა ან ჯერ ცოცხალია, მაგრამ მის სიკვდილს ნატრობენ. ეს ბოლო შემთხვევა ძალზე საყურადღებოა, რადგან ასეთ შემთხვევაში შეტევა სასჯელის მნიშვნელობას იძენს. როცა სხვის სიკვდილს ნატრობ, თავად ხდები ის სხვა და თავად ხარ მკვდარი. ფსიქოანალიზური მოძღვრება გვასწავლის, რომ ბიჭებისთვის ეს სხვა, როგორც წესი, მამაა, ხოლო ისტერიული შეტევა – საძულველი მამის სიკვდილის ნატვრით გამოწვეული თვითსასჯელი.

მამის მკვლელობა, როგორც ცნობილია, კაცობრიობისა და თითოეულის მიერ ჩადენილი ძირითადი და უძველესი ბოროტმოქმედებაა. ეს მკვლელობა დანაშაულის გრძნობის მთავარი წყაროა, თუმცა უცნობია, ერთადერთია თუ არა : კვლევას ჯერ არ დაუდგენია ცოდვისა და გამოსყიდვის მოთხოვნილებების ფსიქიკური წარმომავლობა. მაგრამ , კვებავს თუ არა ამ მოთხოვნილებას ერთადერთი წყარო, არსებითი ნამდვილად არ გახლავთ. ფსიქოლოგიური სიტუაცია რთულია და მას განმარტება სჭირდება. როგორც მოგახსენეთ, მამისადმი ბიჭის დამოკიდებულება ამბივალენტურია. სიძულვილის გარდა, რომელიც მას მამის, როგორც მეტოქსი, ჩამოცილებისკენ უბიძგებს, ვაჟიშვილის მისდამი დამოკიდებულებას ნაზი გრძნობებიც ახლავს. ორივე დამოკიდებულება მამასთან იდენტიფიკაციის საფუძველი ხდება: ის მამის ადგილის დაკავებას ესწრაფვის რადგან მამა მასში აღფრთოვანებას იწვევს, მას სურს, ისეთი იყოს, როგორიც მამაა და ამიტომ ზგიდან უნდა ჩამოიცილოს. ეს გრძნობები გადაულახავ წინააღმდეგობას აწყდება. რაღაც მომენტში ბავშვი ხვდება, რომ მამის, როგორც მეტოქის , გზიდან ჩამოშორებას სასჯელის სახით მისი კასტრაცია მოჰყვება. კასტრაციის შიშით, ანუ თავისი მამაკაცურობის შესანარჩუნებლად, ის უარს ამბობს დედის დაუფლებასა და მამის გზიდან ჩამოშორების განზრახვაზე. და რადგან ეს სურვილი არაცნობიერად განაგრძობს არსებობას, ის დანაშაულის გრძნობის საფუძვლად ყალიბდება. მე ჩვეულებრივი პროცესები, ეგრეთ წოდებული „ოიდიპოსის კომპლექსის“ განვითარების ჩვეულებრივი გზა აღვწერე, მაგრამ მოგვიწევს, აღწერილი პროცესი მნიშვნელოვანი დეტალით შევავსოთ.

თუ ბავშვში მკვეთრად არის გამოხატული ის კონსტიტუციური ფაქტორი, რომელსაც ჩვენ ბისექსუალურს ვუწოდებთ, მაშინ დამატებითი სირთულე წარმოიქმნება. კასტრაციის საფრთხე ქალური მიმართულებით გადახრის ტენდენციას აძლიერებს – დედის ჩანაცვლებისა და მისი, როგორც მამის საყვარლის ობიექტის, როლის საკუთარ თავზე აღების ტენდენციას. კასტრაციის შიში კი ამ როლის შესრულებას შეუძლებელს ხდის. ბავშვი ხვდება, რომ, თუ მამა ისე შეიყვარებს, როგორც ქალს, მაშინ კასტრაციასთან შეგუებაც მოუწევს. ასე რომ , მამის სიძულვილიც და მამის სიყვარულიც უნდა განიდევნოს. ფსიქოლოგიური განსხვავება შემდეგშია: გარე საფრთხის (კასტრაციის ) შიშით ბავშვი უარს ამბობს მამის სიძულვილზე, მის შეყვარებას კი შინაგან საფრთხედ მიიჩნევს, რომელიც, არსებითად, გარე საფრთხითაა ნაკარნახევი.

ის რაც მამის სიძულვილს დაუშვებელს ხდის, მამის შიშია; კასტრაცია კი თანაბრად საშიში – როგორც სასჯელი და როგორც სიყვარულისთვის გადახდილი საფასური. ამ ორი ფაქტორიდან, რომელიც მამის სიძულვილს განდევნის, პირველი, ანუ სასჯელისა და კასტრაციის შიში, ბუნებრივია. პათოგენურ გაძლიერებას მეორე ფაქტორი , ანუ ქალური პოზიციის შიში იწვევს. აშკარა ბისექსუალიური მიდრეკილება ნევროზის გაჩენისა და მისი ჩამოყალიბების პირობაა. ამგვარი მიდრეკილება უნდა ვივარაუდოთ დოსტოევსკის შემთხვევაშიც და ის დასაშვები ფორმით (ლატენტური ჰომოსექსუალიზმი ) ვლინდება მამაკაცებთან მეგობრობაში, მეტოქეების მიმართ უცნაურ ნაზ გრძნობებსა და იმ სიტუაციების განსაცვიფრებლად ზუსტ გაგებაში , რომელსაც მხოლოდ განდევნილი ჰომოსექსუალურობით თუ ავხსნით და რომელზეც მისი ნაწარმოებებიდან არაერთი მაგალითი მიუთითებს.

ვწუხვარ და ვერაფერს შევხვლუ, თუ ფსიქოანალიზში გაუთვიცნობიერებელ მკითხველს მამასთან ამბივალენტური დამოკიდებულება  და ამ დამოკიდებულების კასტრაციის შიშით გამოწვეული სახეცვლილებები უგემოვნოდ და დაუჯერებლად მოეჩვნებეა. ჩემი ვარაუდით, საყოველთაო უარყოფა სწორედ კასტრაციის კომპლექსს ემუქრება. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ფსიქოანალიზური გამოცდილება სწორედ ამ მოვლენას მიიჩნევს უდავო ფაქტად და სწორედ მასში ხედავს ყველა ტიპის ნევროზუს მიზეზს. მოდი, ამ გამოცდილებას ჩვენი მწერლის ეგრეთ წოდებული ეპილეფსიის კვლევაშიც დავეყრდნოთ. ჩვენი ცნობიერებისთვის უკიდურესად უცხოა ის, რაც ჩვენს არაცნობიერ ფსიქიკურ ცხოვრებას განაგებს. „ოიდიპოსის კომპლექსში „ განდევნილი მამის სიძულვილი ზემოთ ნათქგვამით არ ამოიწურება. ახალი ის არის, რომ მამასთან იდენტიფიკაცია, საბოლოოდ ჩვენს  „მეში“ სამუდამოდ იმკვიდრებს ადგილს. ჩვენი „მე“ შეითვისებს მამასთან იდენტიფიკაციას, თუმცა ის, როგორც განსაკუთრებული ინსტანცია, „მეს“ დანარჩენ შინაარს უპირისპირდება. ჩვენ მას სუპერეგოს ვუწოდებთ და, როგორც მშობლების გავლენის მემკვიდრეს, მნიშვნელოვან ფუნქციას მივაწერთ.

თუ მამა სასტიკი , დაუნდობელი და მოძალადეა, სუპერეგო მისგან ამ თვისებებს იძენს და „მესთან“ დამოკიდებულებაში ის პასიურიბა ყალიბდება, რომელიც სწორედაც რომ უნდა გადევნილიყო. სუპერეგო სადისტად ყალიბდება, „მე“ – მაზოხისტად, ანუ ის ქალურ პასიურობას იძენს. „მეში“ სადჯის მოთხოვნილება ჩნდება და ის ნაწილობრივ ბედს მიენდობა, ნაწილობრივ კი დაკმაყოფილებას სუპერეგოს მისდამი მკაცრ დამოკიდებულებაში პოულობს ( დანაშაულის გრძნობა) . ყოველი სასჯელი ხომ თავისი არსით კასტრაციაა და მამასთან თავდაპირველი პასიური დამოკიდებულების აღსრულება. ბოლოს და ბოლოს, ბედიც ხომ მხოლოდ მამის გვიანდელი პროექციაა.

სინდისის ჩამოყალიბების ნორმალური პროცესები, სავარაუდოდ , აქ აღწერილი არანორმალურ პროცესებს ჰგავს. მათი გამიჯვნა ჯერ ვერ შევძელით. ვიცით, რომ ქალურობის განდევნილ პასიურ კომპონენტებს დიდი მნიშვნელობა მიეწერება. არსებითია, ასევე, შემთხვევითი ფაქტორი, ანუ არის თუ არა შიშის მომგვრელი მამა რეალურად მოძალადე. ეს დოსტოევსკისაც ეხება და მისი დანაშაულის უჩვეულო გრძნობა თუ ცხოვრების მაზოხისტური წესი მკვეთრად გამოხატული ქალური კომპონენტებით უნდა აიხსნას. დოსტოევსკის პიროვნება, შეიძლება , ამგვარად განვმარტოთ: განსაკუთრებულად მკვეთრად გამოხატული ბისექსუალურობა, რომელსაც აქვს უნარი , სასტიკი მამის დამოკიდებულებისგან განსაკუთრებული ძალით დაიცვას თავი. ამგვარ ბისექსუალურობას ემატება ის ძირითადი კომპონენტიც, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ. ნაადრევი „სიკვდილის შემოტევები“ უნდა გავიაზროთ, როგორც სუპერეგოს მიერ სასჯელის სახით დაშვებული „მეს“ მამასთან იდენტიფიკაციის ფაქტი: გინდოდა, მოგეკლა მამა, რათა თავად გამხდარიყო მამა. და აი, უკვე მამა ხარ, ოღონდ მკვდარი მამა; ეს ისტერიული სიმპტომების ჩვეულებრივი მექანიზმია. თანაც, მამა ახლა შენ გკლავს. სიკვდილის სიმპტომი „მესთვის“ ერთდროულად მამაკაცური ფანტაზიის დაკმაყოფილებაცაა და მაზოხისტური დაკმაყოფილებაც, სუპერეგოსთვის კი ეს დასჯით მიღებული  სადისტური დაკმაყოფილებაა. „მეც“ და სუპერეგოც მამის როლის თამაშს აგრძელებს. პირვნებასა და მამის ობიექტს შორის დამოკიდებულება „მესა“ და სუპერეგოს შორის დამოკიდებულებად გადაიქცა, თუმცა შინაარსი შეინარჩუნა; ეს უკვე ახალი ინსცენირებაა მეორე სცენაზე. „ოიდიპოსის კომპლექსის“ ასეთი ინფანტილური რეაქციები შეიძლება ამოიწუროს, თუ რეალობა მათ საზრდოს მიწოდებას შეუწყვეტს. მამის ხასიათი კი იგივე რჩება, უფრო მეტიც, დროთა განმანვლობაში უარესდება; ასე ინარჩუნებს ძალას მამისადმი დოსტოევსკის სიძულვილი და ბოროტი მამის სიკვდილის სურვილი. საშიშროება მაშინაც იქმნება , როცა განდევნილი სურვილები რეალურად განხორციელდება. ფანტაზია რეალობად იქცა, დაცვის მექანიზმი გაძლიერდა. დოსტოევსკის შეტევები ეპილეფსიურ ხასიათს იძენს. რა თქმა უნდა, ის ჯერ კიდევ მამასთან იდენტიფიკაციით გამოწვეული სასჯელია, მაგრამ უკვე ისევე საზარელია, როგორც მამის სიკვდილი. იმის გამოცნობა , რა სახის სექსუალური შინაარსი შეიძინა ამ ყველაფერმა, შეუძლებელია.

ერთი რამაა უცნაური: ეპილეფსიური შეტევის აურა უზენაეს ნეტარებას განაცდევინებს, რომელიც , სიკვდილის ამბის შეტყობინების შემთხვევაში, ალბათ , ისე ფიქსირდება, როგორც გამარჯვება და გათავისუფლება; ამას კი მყისიერად სასტიკი სასჯელი მოჰყვება. გამარჯვებისა და გლოვის, ლხინისა და სევდის მონაცვლეობა იმ უძველესი ურდოს ძმებთან ვნახეთ, რომლებმაც მამა მოკლეს, შემდეგ კი განმეორებით – ტოტემური ტრაპეზის რიტუალში. თუ მართალია, რომ ციმბირში დოსტოევსკი ეპილეფსიური შეტევებისგან გათავისუფლდა, ეს იმას ადასტურებს , რომ შეტევები სასჯელი იყო. რაკი ის სხვაგვარად დაისაჯა, შეტევები აღარ სჭირდებოდა, თუმცა ამის დამტკიცება გაგვიჭირდება. დოსტოევსკის ფსიქიკური ეკონომიისთვის დასჯის ამ აუცილებლობით აიხსნება ის ფაქტი , რომ დამცირებისა და დატანჯვის ციმბირული წლები მან გაუტეხელი სიმტკიცით გაიარა. დოსტოევსკის, როგორც პოლიტიკური დამნაშავის, დასჯა უსამართლობა იყო და მან ეს იცოდა; თუმცა მამამეფისგან ეს დაუმსახურებელი სასჯელი ისე მიიღო, როგორც იმ სასჯელის სანაცვლო, რომელსაც მამის წინაშე ჩადენილი ცოდვის გამო იმსახურებდა. თვითდასჯის ნაცვლად მან ნებაყოფლობით მიიღო სასჯელი მამის შემცვლელისგან. ეს გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის საზოგადოების მიერ დადგენილი სასჯელის ფსიქოლოგიურ გამართლებაზე. ეს მართლაც ასეა: მამნაშავეთა დიდი ჯგუფის სუპერეგო „მესგან“ სასჯელს ითხოვს, რათა ამ გზით თვითდასჯას აარიდოს თავი.

ვინც ისტერიული სიმპტომების მნიშვნელობითა რთულ ცვლილებებში ერკვევა, მიხვდება, რომ ჩვენი მცდელობა დოსტოევსკის ეპილეფსიური შეტევების აზრის სრულიად ახსნას არ ემსახურება. საკმარისია იმის დაშვება , რომ მათი თავდაპირველი აზრი, შემდგომი ზედნაშენების მიუხედავად, უცვლელია. შეიძლება ითქვას, რომ დოსტოევსკი სინდისის ქენჯნისგან ვერ გათავისუფლდა და მამის მკვლელობის სურვილით გამოწვეულმა მძიმე ტვირთმა იმ ორ სხვა სფეროსთან მისი დამოკიდებულებაც განსაზღვრა, რომელთა საყრდენიც მამასთან დამოკიდებულებაა: სახელმწიფოს ავტორიტეტღან და ღვთის რწმენასთან. პირველ სფეროში ის აბსოლიტურად დაემორჩილა მამა–მეფეს და მისი მკვლელობის კომედია რეალურად გაითამაშა, რაც მის ეპილეფსიურ შეტევებში აისახა. ამ სფეროში სინანულმა მოუპოვა უპირატესობა. რელიგიურ სფეროში მას მეტი თავისუფლება ჰქონდა. სარწმუნო წყაროებიდან ცნობილია, რომ ის ცხოვრების ბოლომდე რწმენასა და ათეიზმს შორის მერყეობდა. მისი დიდი ინტელექტი გვერდს ვერ აუვლიდა აზრობრივ წინააღმდეგობას , სადამდეც რწმენას მივყავართ. იმედოვნებდა, რომ მსოფლიო ისტორიის ინდივიდუალური გამეორებით გამოსავალს ქრისტეს იდეალში იპოვიდა და დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლდებოდა, საკუთარი ტანჯვით კი ქრისტეს როლზე განაცხადებდა პრეტენზიას. მან რომ თავისუფლება ვერ მოიპოვა და რეაქციუნერად ჩამოყალიბდა , ვაჟიშვილების მიერ მამის წინაშე ჩადენილი იმ ზოგადსაკაცობრუო დანაშაულით უნდა აიხსნას, რომელიც რელიგიური გრძნობის საყრდენია და რომელიც თვით მისი ინტელექტუალური შესაძლებლობებისთვისაც კი გადაულახავი აღმოჩნდა. ალბათ გვისაყვედურებენ, რომ მიუკერძოებელ ანალიზს ზურგი ვაქციეთ და დოსტოევსკის შემფასებლური დახასიათება დავიწყეთ, რომელსაც არსებობის უფლება მხოლოდ გარკვეული მსოფლმხედველობითი პოზიციიდან გააჩნია. კონსერვატორი დიდი ინკვიზიტორის პოზიციას გაიაზრებდა და დოსტოევსკის სრულიად განსხვავებულად შაფასებდა. სავსებით სამართლიანი საყვედურია, მხოლოდ იმას დავძენდი, რომ მისი გადაწყვეტილება აზროვნების შეფერხების შედეგია, რომელიც თავის მხრივ , ნევროზითაა გამოწვეული.

შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ყველა დროის სამი ლიტერატურული შედევრი ერთსა და იმავე თემას – მამის მკვლელობას ეხება: სოფოკლეს „ ოიდოპოს მეფე“ , შექსპირის „ჰამლეტი“ და დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები“. მოქმედების მოტივი სამივე ტექსტში გამოაშკარავებულია – სექსუალური მეტოქეობა ქალის გამო. ყველაზე უფრო ცხადად ეს წარმოდგენილია დრამაში, რომელიც ბერძნულ თქმულებას ეყრდნობა. გმირი აქ თავად აღასრულებს საქმეს. მაგრამ შეურბილებლად და შეუნიღბავად მასალის პოეტური დამუშავება შეუძლებელია. მამის მკვლელობის განზრახვის პირდაპირი აღიარება, რასაც ფსიქოანალიზური კვლევისას ვაღწევთ, აუტანელია. ბერძნულ დრამაში აუცილებელი შერბილება – ფაქტის შენარჩუნებით – ოსტატურად ხორციელდება იმით, რომ გმირის არაცნობიერი მოტივი რეალურ სამყაროშო პროეცირდება, როგორც მისთვის უცხო ბედისწერის გარდაუვალობა. გმირი წინასწარ განუზრახავად და, ერთი შეხედვით, ქალის გავლენის გარეშე მოქმედებს, მაგრამ ყურადსაღებია ის გარემოება, რომ დედა–დედოფლალს ის მხოლოდ მაშინ მოიპოვებს, თუ ისევე მოექცევა ურჩხულს, რომელიც მამის სიმბოლოა. მას შემდეგ, რაც დანაშაული გამოაშკარავებული და გაცნობიერებულია, პასუხისმგებლობის მოხსნისა და ბედისწერის გარდაუვალობისთვის მისი გადაბრალების მცდელობაც ქრება; პირიქით, დანაშაული, ისიც უნდა დაისაჯოს. რაციონალურ გონებას ეს სასჯელი უმისამართოდ მიაჩნია, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ის აბსოლიტურად გამართლებულია. ინგლისური ტრაგედიაში ეს ირიბადაა აღწერილი. აქ კლავს არა ჰმირი, არამედ ვიღაც სხვა, რომლისთვისაც ეს მამის მკვლელობას არ ნიშნავს. ამიტომ ქალის გამო სექსუალური მეტოქეობის საძრახისი მოტივის შენიღბვა სულაც არ გახლავთ საჭირო. გმირის „ოიდიპოსის კომპლექსიც“ შუქის ანარეკლზე მოჩანს, რადგან მხოლოდ იმას ვხედავთ, როგორ მოქმედებს გმირზე სხვის მიერ ჩადენილი საქციელი. თითქოს შური უნდა ეძია, მაგრამ საკვირველია, რომ ამის უნარი არ შესწევს. ვიცით, რომ დამბლადამცემლად მასზე დანაშაულის გრძნობა მოქმედებს; ნევროზული პროცესების შესაბამისად, დანაშაულის გრძნობა საკუთარი უუნარობის გაცნობიერებაში გადაინაცვლებს, კერძოდ, იმის აღიარებაში, რომ ამ საქმის აღსრულების ძალა არ შესწევს. აქედან უკვე იკვეთება იმის ნიშნები, რომ გმირი დანაშაულს ზეინდივიდუალურ მოვლენად მიიჩნევს. სხვები მას საკუთარ თავზე მეტად არ სძულს. „ყველას რომ ისე მოექცე როგორც ეკადრება, არავის არ ასცდება გამათრახება“. ამ თვალსაზრისით, რუსი მწერლის რომანი ჯერ კიდევ უფრო შორს მიდის. მკვლელობას აქაც სხვა სჩადის. მაგრამ ის გმირის – დიმიტრის – მსგავსად მოკლულის შვილია, რომელსაც სექსუალური მეტოქეობის მოტივი სრულიად შეუფარავად მიეწერება. ეს მეორე ძმაა, რომელსაც გმირი საკუთარ ავადმყოფობას, ეპილეფსიას , დააკისრებს, თითქოს სურს, აღიაროს, ეპილეფსიით შეპყრობილი, ნევროზით დაავადებული ჩემშია და ის არის მამის მკვლელიო. და აი, სასამართლოს წინაშე ადვოკატის გამოსვლაში ფსიქოლოგიის ცნიბულ დაცინვას ვისმენთ: ის ჯოხია, რომელსაც ორი ბოლო აქვსო. დიდებულად შენიღბული ნათქვამია, რადგან საკამრისია ჯოხი შეაბრუნო და დოსტოევსკის მოსაზრების ღრმა აზრსაც ჩავქვდებით. დაცინვას ფსიქოლოგია კი არ იმსახურებს, არამედ სამართლებრივი მოკვლევის მეთოდები. განა ფსიქოლოგიისთვის სულერთი არ არის, ეს დანაშაული ვინ ჩაიდინა? მისთვის ისაა არსებითი , ვინ ისურვებდა ამის ჩადენას სულით და გულით, ვის განაცდევინებდა სიხარულს; ამიტომ ყველა ძმა, კონტრასტული ფიგურის – ალიოშას– გარდა, თანაბრად დამნაშავეა: ინსტიქტებს აყოლილი ტკბობის მაძიებელიც, სკეპტიკოსი ცინიკოსიც, ეპილეფსიით შეპყრობილი ბოროტმოქმედიც.

„ძმ,ებ კარამაზოვებში „ გვხვდება დოსტოევსკისთვის ერთი მეტად დამახასიათებელი სცენა. დიმიტრისთან საუბრისას ბერი ხვდება, რომ ის (დიმიტრი) შინაგანად მზად არის, მოკლას მამა და მის წინაშე მუხლებზე ეცემა. ეს არ უნდა გავიგოთ , როგორც აღფრთოვანების გამოხატულება, ეს უფრო იმას გავს, რომ წმინდანი განაგდებს ცდუნებას – შეიძულოს და დაგმოს მკვლელი. მართლაც უსაზღვროა დოსტოევსკის სიმპათია დამნაშავეთა მიმართ. ის სცდება იმ თანაგრძნობას, რომლის უფლებაც უბედურ ადამიანს აქვს. ის იმ მოწიწებას გვახსენებს, რომლითაც ანტიკურ ეპოქაში ეპილეფსიით შეპყრობილებსა და სულიერ ავადმყოფებს ექცეოდნენ. დამნაშავე მისთვის ლამის მხსნელს უტოლდება, რომელმაც დანაშაული იტვირთა, ის დანაშაული, რომლის ზუდვაც, სხვა შემთხვევაში, სხვას მოუწევდა. მკვლელობა საჭირო აღარ არის, რადგან მან უკვე მოკლა, ამისთვის კი მისი მადლიერი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ თავად უნდა მოეკლა. ეს გულმოწყალე თანაგრძნობა კი არ არის, არამედ მსგავსი ინსტიქტების საფუძველზე მკვლელთან თვითიდენტიფიკაცია მასში ოდნავ შერეული ნარცისიზმით. ამ გულმოწყალების ეთიკურ ღირებულებას ვერ უარყოფ. იქნებ ამ გულმოწყალე თანაგრძნობის მექანიზმი სულაც ასეთია, რომელიც ასე ცხადად ჩანს დანაშაულის გრძნობით დამძიმებული მწერლის ამ ექსტრემალურ შემთხვევაში. უდავოა, რომ ამგვარმა გაიგივებამ დოსტოევსკისთვის მასალის არჩევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. დასაწყისში მან – ეგოისტური მოსაზრებით – ყურადღება ჯერ პოლიტიკურ და რელიგიურ დამნაშავეს დაუთმო, ცხოვრების მიწურულს კი უძველეს დანაშაულს, მამის მკვლელობას, დაუბრუნდა და ლიტერატურული აღსარებაც ჩაგვაბარა,

მწერლის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებული ნაწერები და ცოლის დღიურები შუქს ჰფენს მისი ცხოვრების ერთ ეპიზოდს, კერძოდ იმ პერიოდს, როცა დოსტოევსკი გერმანიაში აზარტული თამაშების ვნებამ შეიპყრო. ეს პათოლოგიური ვნების აშკარა შემოტევაა, რომელსაც ვერც ერთი თვალსაზრისით სხვაგვარად ვერ შეაფასებ. ამ უცნაური და უღირსი საქციელის გამართლება არაერთხელ უცდია. დანაშაულის გრძნობამ, როგორც ნევროზით დაავადებულებს სჩვევიათ, ვალების სახით კონკრეტული შემცვლელი მოძებნა და დოსტოევსკი იმიზეზებდა, რომ მოგების შემთხვევაში რუსეთში დაბრუნებას შეძლებდა და კრედიტორები ციხეში ვერ ჩასვამდნენ. მაგრამ ეს მხოლოდ საბაბი იყო. ის საკმაოდ გამჭრიახი იყო იმისთვის, რომ ამის შემდეგ მიმხვდარიყო და საკმაოდ გულწრფელი იმისთვის რომ ეს ეღიარებინა. მან იცოდა, რომ მთავარი აქ თამაში იყო, le jeu pour le jeu (თამაში თამაშებისთვის ) . მისი ინსტიქტური განუსჯელი ქცევის ყველა წვრილმანი ამაზეც და კიდევ სხვა რამეზეც მეტყველებს. ის იქმადე ვერ პოულობდა შვებას, ვიდრე ყველაფერს არ წააგებდა. თამაში თვითდასჯის ერთგვარი ხერხიც იყო. უთვალავჯერ დაჰპირებია ახალგაზრდა ცოლს, რომ აღარ ითამაშებდა ან იმ დღეს მაინც შეიკავებდა თავს , მაგრამ ცოლისავე სიტყვებით, პირობას ყოველთვის არღვევდა და როცა უკიდურეს სიღატაკეში ვარდებოდა, ეს დამატებით პათოლოგიურ კმაყოფილებას განაცდევინებდა. შეეძლო , ცოლის წინაშე თავი დაემცირებინა, სთხოვდა , რომ შეეძულებინა, ენანა, რომ ცოლად ბებერ ცოდვილს გაჰყვა, თავს ილანძღავდა და გულზე რომ მოეშვებოდა ხოლმე, მეორე დღეს იმავეს იმეორებდა. ახალგაზრდა ცოლი ამ ციკლს შეეჩვია, რადგან შეამჩნია, რომ ის, საიდანაც ხსნა იყო მოსალოდნელი, ანუ ლიტერატურული შემოქმედება, წინ იმ  შემთხვევაში მიიწევდა, როცა ყველაფერს კარგავდა და უკანასკნელ ქონებას აგირავებდა. ცხადია, ქალი მათ შორის კავშირს ვერ ხედავდა. როცა სასჯელით, რომელსაც თავს უწესებდა, დოსტოევსკის დანაშაულის გრძნობა უმსუბუქდებოდა, მუშაობის პროცესში აღარაფერი აბრკოლებდა და თავს უფლებას აძლევდა, წარმატებისკენ გადაედგა ნაბიჯი.

დიდი ხნის მივიწყებული ბავშვობის რომელი განცდა მეორდებოდა აზარტული თამაშის მანიაში , კარგად ჩანს გაცილებით ახალგაზრდა თაობის მწერლის ნოველაში. შტეფაიგს ცვაიგს, რომელმაც სხვათა შორის, დოსტოევსკის თავისი ერთ–ერთო ნარკვევი უძღვნა ( „სამი ოსტატი“ ) , კრებულში „გრძნობათა განგაში“ ერთი ნოველა აქვს: „ქალის ცხოვრების ოცდაოთხი საათი“. ეს პატარა შედევრი აღწერს, როგორი უპასუხისმგებლო შეიძლება იყოს ქალი და როგორ უბიძგებს მას, თავისა გასაკვირად, არსებული ნორმების დარღვევისკენ ცხოვრების მოულოდნელი შთაბეჭდილება. თუმცა, თუ მას ფსიქოანალიზური თვალსაზრისით განვიხილეთ, ეს ნოველა გაცილებით მეტს, რაღაც სრულიად სხვას, ზოგადადამიანურს, უფრო სწორად, ზოგადმამაკაცურს გვიჩვენებს და ფსიქოანალიზის პოზიციიდან მისი ახსნა იმდენად დამაჯერებლად ჟღერს, რომ ძნელია მისი უარყოფა. მწერალი, რომელთანაც მეგობრობა მაკავშირებს, დასმულ კითხვებზე პასუხად მარწმუნებდა, რომ ჩემ მიერ ზემოთ ნახსენები ახსნა მისთვის სრულიად უცხოა და მსგავსი ზრახვები სრულებით არ ჰქონია, თუმცა ნოველაში კეთილშობილი ასაკოვანი ქალბატონი მწერალს ოცი წლის წინ თავს გადამხდარ ამბავს უყვება. ადრე დაქვრივებული, ორი ვაჟის დედა, რომელიც ცხოვრებისგან აღარაფერს ელის და მისი მზრუნველობა აღარც შვილებს სჭირდებათ, ორმოცდაორი წლის ასაკში უმიზნოდ მოგზაურობისას მონაკოს ერთ–ერთი კაზინოს სათამაშო დარბაზში აღმოჩნდება. ბევრ სხვა უცნაურობას შორის ქალის ყურადღებას იპყრობს ხელები, რომლებიც სულის ამაფორიაქებელი გულწრფელობით უიღბლო მოთამაშის მღელვარებას ამხელს. ეს ახალგაზრდა კაცის ხელებია. თითქოს ყოველგვარი ჩანაფიქრის გარეშე, მწერალი მოთამაშეს ქალის უფროსი ვაჟს თანატოლად ხატავს. მოთამაშე მთელ ქონებას წააგებს და სასოწარკვეთილი დარბაზიდან გადის, რათა კაზინოს პარკიში თავის უიმედო სიცოცხლეს წერტილი დაუსვას. რაღაც აუხსნელი სიმპათია, რომელიც ქალს მის მიმართ უჩნდება, აიძულებს, გაჰყვეს მას და მის გადასარჩენად ყველაფერი იღონოს. ახალგაზრდა კაცი ფიქრობს, რომ ქალი ერთი იმათგანია, ვინც ცდილობს, კაცებს აეკიდოს და მისგან თავის დახსნას გადასწყვეტს. ისე მოხდება, რომ ქალი მას სასტუმროში გაჰყვება, სადაც ახალგაზრდა კაცთან ერთად გაატარებს ღამეს. იმპროვიზირებული სასიყვარულო ღამის შემდეგ ქალო ახალგაზრდა კაცს, რომელიც თითქოს წონასწორობას იბრუნებს, ფიცს ადებინებს, რომ კაზინოს აღარასდროს გაეკარება, შინ დასაბრუნებლად ფულს აძლევს და ჰპირდება, რომ სადგურში შეხვდება მატარებლის გასვლამდე. ქალი მის მიმართ ნაზი გრძნობებით განიმსჭვალება, მზად არის, მის შესანარჩუნებლად მსხვერპლი გაიღოს და გამომშვიდობების ნაცვლად, მასთან ერთად იმოგზაუროს. გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო ქალს სადგურში აგვიანდება და სევდით შეპყრობილი კაზინოში ბრუნდება, სადაც კვლავ იმ ხელებს ხედავს , რომლებიც მასში სულ ცოტა ხნის წინ ასეთი ძლიერი გრძნობები დაბადა. ფიცის გამტეხი თამაშს დაუბრუნდა. ქალი მას დადებულ პირობას შეახსენებს, მაგრამ საბედისწერო ვნებით შეპყრობილი ახალგაზრდა კაცი უხეშად მიმართავს, ეუბნება, რომ კაზინოდან წავიდეს და უკან მიუყრის ფულს, რომლითაც ქალი თითქოს მის ყიდვას აპირებდა. შეურაცხყოფილი ქალი კაზინოდან გარბის. მოგვიანებით ის შეიტყობს, რომ ახალგაზრდა კაცი თვითმკვლელობისგან ვერ იხსნა.

ამ ბრწყინვალედ მოყოლილ და უნაკლოდ დასაბუთებულ ამბავს, რა თქმა უნდა, თავისთავად, არსებობის ყველა უფლება აქვს და შეუძლებელია, მკითხველზე ღრმა შთაბეჭდილება არ მოეხდინა. ფსიქოანალიზური კვლევა გვასწავლის, რომ ეს ისტორია გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი ფანტაზიის საფუძველზე შეიქმნა, რომელსაც ზოგი სრულიად გაცნობიერებულად იხსენებს. ამ ფანტაზიის შინაარსი კი შემდეგია: დაე დედამ აზიაროს ბავშვი სექსუალურ ცხოვრებას, რათა ის ონანიზმის მავნე შედეგისგან დაიცვას. მხატვრულ ნაწარმოებებს, რომლებისთვისაც ხსნისა თუ გადარჩენის ეს მოტივი ასე ხშირია, იგივე წყარო კვებავს. ონანიზმის „ბიწიერებას“ აზარტული თამაში ჩაენაცვლა. აქცენტის გაკეთება ხელებზე, რომლებიც ასეთი ჟინით მოქმედებენ, ენერგიის გადატანაზე მიუთითებს. აზარტული თამაშებით შეპყრობილობა ბავშვობისდროინდელი ონანიზმის მოთხოვნილების ეკვივალენტია. ბავშვობაში საკუთარი გენიტალიების შეხებას სხვას ვერაფერს დავარქმევთ, თუ არა „თამაშს“. გადაულახავი ცდუნება, საზეიმო, მაგრამ ყოველ ჯერზე დარღვეული პირობა, რომ ასე აღარ მოიქცევი, უზომო სიამოვნება და სინდისის ქენჯნა იმის გამო, რომ ამით თავს იღუპავ (თვითმკვლელობა), ჩანაცვლების შემთხვევაშიც უცვლელია. ცვაიგის ნოველაში მთხრობელად დედა გვევლინება და არა ვაჟიშვილი. ალბათ, როგორი სიამოვნებით ფიქრობს ვაჟი: დედამ რომ იცოდეს ონანიზმი რა საფრთხეს მიქმნის,ამისგან გადასარჩენად სიამოვნებით დამითმობდა საკუთარ სხეულს ალერსისათვის. ცვაიგის ნოველაში დედის მეძავთან გაიგივება ამგვარი ფანტაზიის შმადგენელი ნაწილია. ფანტაზია მიუწვდომელს ადვილად მისაწვდომს ხდის; სინდისის ქენჯნას, რომელიც ამ ფანტაზიას სდევს, ამბის ტრაგიკულ დასასრულამდე მივყავართ. ისიც საგულისხმოა, რომ ფასადი, რომელსაც მწერალი ქმნის, თითქოს ფსიქოანალიზურ აზრს ნიღბავს. მაგრამ მაინც სადავოა, რომ ქალის სასიყვარულო გრძნობებს უეცარი და ამოუცნობი იმპულსები იწვევს. ფსიქოანალიზი, პირიქით, იმ ქალის უცნაური ქცევის მოტივაციას წარმოაჩენს, რომელსაც აქამდე ზურგი ჰქონდა სიყვარულისთვის შექცეული. ქმრის ხსოვნის ერთგული, ის საიმედოდაა შეიარაღებული სასიყვარულო გრძნობების წინააღმდეგ, მაგრამ ის, როგორც დედა, არაცნობიერად სიყვარულის ვაჟიშვილზე გადატანას ვერ გაექცა – ვაჟიშვილის ფანტაზია ახლოსაა სიმართლესთან – და ბედისწერაც სწორედ ამ დაუცველლ ადგილას წამოეწია. თუ აზარტული თამაშების ჟინი, მისგან გათავისუფლების უშედეგო მცდელობა და ამასთან დაკავშირებული თვითდასჯის მოთხოვნილება ონანიზმის დანიშნულებაა, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ აზარტული თამაშები დოსტოევსკის ცხოვრებაში ასეთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ჯერ არ შეგვხვედრია მძიმე ნევროზის ისეთი ფორმა, რომელშიც ადრეული და გარდატეხის პერიოდის ავტოეროტიზმი დიდ როლს არ ასრულებდეს, მის დათრგუნვასა და მამის წინაშე შიშს შორის კავშირი კი საკმაოდ ცნობილია იმისათვის, რომ იმაზე მეტს არ იმსახურებდეს, ვიდრე, უბრალოდ, მისი ხსენებაა.

 

 

 

 

 

 

 

 

Leave A Reply

error: Content is protected !!