მშობლების სიყვარული

0

საკომუნიკაციო თეორიის კვლევის ცენტრში ტრადიციულად თავიდანვე დედა იდგა; დღესდღეობით კი ცნობილია, რომ მამას და სხვა საკომუნიკაციო პარტნიორებს ასევე შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ როდესაც შემდგომ დედასა  ან დედობრივ სიყვარულზე გვექნება საუბარი, შესაძლოა, იგი მამამ ან სხვა საკომუნიკაციო პარტნიორმა ჩაანაცვლოს.

როგორც დავინახეთ, ადამიანის ცხოვრებაში ანტინომები ქმნის დაძაბულობის ველს, სადაც საპირისპირო და თანაც ურთიერთ შემავსებელი ინსტინქტების თანხვედრა ხდება. ზემოთ უკვე შევეხეთ თვითგადარჩენისა და საკუთარი თავის ერთგულების საკითხს. რაკი ჩვენი ცხოვრების ორი, ყველაზე ელემენტარული, პოლარული იმპულსი,  იმავდროულად  სხვა ურთიერთ შემავსებელ  იმპულსებსაც მართავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ გამოცალკევდება, სისტემიდან ვერ ამოვარდება და უპირატესობას ვერ მოიპოვებს; ამიტომ აშკარაა, რომ მათ შორის არსებობს წონასწორობა რაც ნებისმიერი ჯანსაღი განვითარების საფუძველია. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ბავშვის განვითარების პროცესზე დაკვირვებისას. იგი დაბადებისთანავე ამგვარი ანტინომიების დაძაბულობის ველში ხვდება და იმ ინსტინქტებთან უხდება ბრძოლა თვითგადარჩენისა და საკუთარი თავისადმი ერთგულების ინსტინქტები  რომ ჰქვიათ.  მათ შეიძლება თვითდამკვიდრებისა და შემგუებლობის ინსტინქტები შეიძლება ვუწოდოთ.  სწორედ ეს პოლარულად  ურთიერთდაპირისპირებული, ძლიერი განცდები ქმნის ადრეულ ეტაპზე კონფლიქტურ სიტუაციებს, რომლებიც დაღს ასვამს ადამიანის შემდგომ ცხოვრებას.

ადრეულ პერიოდში მთლიანად დედაზე დამოკიდებული ჩვილი ნელ-ნელა გამოიმუშავებს ცხოვრების საკუთარ რიტმს, ჯიუტად წამოაყენებს საკუთრ მოთხოვნებს  და ამით გარესამყაროს უპირისპირდება. ამ დროს  ბავშვი ან ეგუება ამ სამყაროს და უარს ამბობს ახირებებზე, ანდა შემდგომაც დაჟინებით მოითხოვს თავისი სურვილების შესრულებას. ბავშვის ნორმალური განვითარების პირობებში ამ ორივე პროცესის მშვიდობიანი შერწყმა ხდება ისე, რომ ეს პატარის განვითარებას საფრთხეს  არ უქმნის. ბავშვის ჯანსაღ  აღზრდას, როგორც უკვე ვთქვით დედობრივი სიყვარული უზრუნველყოფს, რასაც შესაბამისი სოციალური თუ მატერიალური პირობები უნდა უწყობდეს ხელს. მაგრამ სწორედ ამ სიყვარულის წყალობით შეიძლება შევიცნოთ, რა შესაძლებლობებსა და საფრთხეებს შეიცავს ნებისმიერი სხვა სახის სიყვარული. ადამიანთან ნებისმიერი კონტაქტის დროს(არ აქვს მნიშვნელობა, იგი ბავშვს ბედნიერებას აგრძნობინებს, თუ რაიმე საფრთხეს უქმნის) გამოვლინდება ის ქმედითი  ძალა, რომელიც მას სიყვარულს ჩაუნერგავს. ამიერიდან სიყვარულისადმი  პატარის მიდრეკილება უკვე იმაში გამოიხატება, რომ სურს, საყვარელი ადამიანი ახლოს იყოლიოს და მისგან  სიყვარულს არათუ მოელოდეს, არამედ მოითხოვდეს კიდეც. ამრიგად ბავშვი ამ ძალის კარნახით მოქმედებს და საკუთარი განვითარების პროცესს თავად ვერ წარმართავს.   დედა-შვილის  კავშირი, როგორც წესი, პარტნიორული ურთიერთობების საწყისი ეტაპია; მასში ბევრი რამ არის ისეთი, რამაც ბავშვს მომავალ პარტნიორულ ურთიერთობებში, შესაძლოა  ბედნიერებაც აგრძნობინოს და საფრთხეც შეუქმნას. იგი საყვარელ არსებაში სიახლოვეს თანაგრძნობას ეძებს და სწორედ ამაში ვლინდება ნებისმიერი სასიყვარულო კავშირის სიკეთეც და ავბედითობაც. სიყვარული მოზარდისათვის სიკეთეს ნიშნავს იმის გამო, რომ იგი გარესამყაროში თავის დამკვიდრებას ცდილობს  და ბედნიერებას ანიჭებს იმის შეგრძნება, რომ თავადაც რაღაცას გასცემს და მისი არსებობა, მისი სიყვარული მეორე ადამიანისათვის ფასეულია. ცხოვრების საწყის ეტაპზე შვილს ღრმად ჩაებეჭდება გონებაში დედის სურათ-ხატი და თუ ეს კეთილი დედის სურათ-ხატია, მაშინ მას ამ დროიდან მოყოლებული, მთელი გარესამყაროსა და ადამიანების აღქმით მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებში აირეკლება. შემდეგ ისინი ქვეცნობიერ  ცხოვრების თანმდევ გრძნობად გადაიქცევა, რომელიც ჩვენი არსებობის საფუძველს შეადგენს. მაგრამ ისე ხდება, რომ მახსოვრობა ხშირად გვღალატობს , და აღარ გვაძლევს შორეულ წარსულთან  დაბრუნების საშუალებას, რათა ჩავწვდეთ ჩვენი თავდაპირველი  არსებობის საწყისს.

მშობლებთან ურთიერთობის ავბედითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი ხშირად დამოკიდებულია ადამიანებზე, რომლებიც მისგან მადლიერებისა და სიყვარულის გამოხატვას მოითხოვენ, ნაცვლად იმისა, რომ თავისუფალი განვითარების შესაძლებლობა მისცენ. ზოგჯერ დედას ან მამას ბავშვის სიყვარული თავისთვის სჭირდება და მასზე პრეტენზიას მხოლოდ იმის გამო აცხადებს, რომ პირად ცხოვრება ვერ მოიწყო, პარტნიორთან საერთო ენა ვერ გამონახა ან თავად ვერ გასცდა ბავშვობის ასაკს. ამ დროს ბავშვი, განვითარების პროცესში, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს მშობლებთან მჭიდრო ურთიერთობას და გათავისუფლდეს მათგან;  თუმცა მას იმავდროულად დანაშაულის გრძნობა უჩნდება, რადგან ჰგონია, რომ ამ საქციელით გაანაწყენებს დედას ან მამას. ამრიგად ნაცვლად იმისა, რომ ბავშვმა თავისი განვითარების  გზა ლაღად განვლოს და მოპოვებული თავისუფლებითა და თვით დამკვიდრებით გამოწვეული სიხარული განიცადოს, ხედავს იმედგაცრუებულ მშობელს, რომელიც შვილის დაკარგვის შიშს შეუპყრია. ამ ვითარებაში, ბავშვი შესაძლოა ტრაგიკულ სიტუაციაში აღმოჩნდეს და გადაუჭრელი კონფლიქტის წინაშე დადგეს. მან არც დედას უნდა გაუცრუოს იმედი და მის სიყვარულთან შებრძოლება გაბედოს, ანდა ამ სიყვარულის გულისთვის, მრავალი თვალსაზრისით, უარი თქვას საკუთარ განვითარებაზე და ბავშვად დარჩეს.

მსგავსი ტრაგიკული სიტუაცია მეორდება მაშინაც, როცა მშობლები შვილისაგან სიყვარულს მხოლოდ იმის გამო მოითხოვენ, მისი მშობლები რომ არიან; სულაც არ ფიქრობენ იმაზე, რომ შვილმა მათ სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხოს. ამიტომ სავსებით სწორად მიგვაჩნია, როდესაც ბავშვის მიმართ მშობლების ამგვარ დამოკიდებულებაში  ავტორიტალური განწყობის გამოვლინებას ვხედავთ. ასეთი ურთიერთობის შედეგად გაჩენილი უფსკრულის დროს მშობლები და შვილები, ჩვეულებრივ სხვადასხვა ნაპირზე აღმოჩნდებიან ხოლმე.

დედის სიყვარულის შემდგომ ნებისმიერ სიყვარულთან ის  საერთო აქვს, რომ ეს გრძნობა, რატომღაც მუდმივი გვგონია რომელიც შეგვიძლია უცვლელად შევინარჩუნოთ; მაგრამ სწორედ დედის სიყვარული დაგვანახებს, რომ დროთა განმავლობაში ისიც იცვლება. პატარისათვის მოსიყვარულე, სათნო და მზრუნველი დედის სიყვარული სასიცოცხლო აუცილებლობას შეადგენს; დედა სანდო არსებაა, რომელიც მის ნებისმიერ სურვილს ამოიცნობს და ყველა თხოვნას შეუსრულებს. დედასთან ხანგძლივმა ურთიერთობამ, მისდამი ნდობამ შესაძლოა მოზარდის განვითარება შეაფერხოს, თუ დედას არ გააჩნია მზაობა და უნარი(მოტივს მნიშვნელობა არ აქვს), ბავშვის ზრდასთან ერთად, საკუთარი სიყვარულიც განავითაროს და გარდაქმნას. ამის გარეშე ბავშვს აუცილებლად შეექმნება საფრთხე. თავად ბავშვი ამ საფრთხეს  ვერ გრძნობს, რადგან იგი სიყვარული პირმშოა, რომელსაც შედარების უნარი არ გააჩნია; ამიტომ მისთვის ყველა დედა ერთნაირია. მართლაც საიდან უნდა იცოდეს ბავშვმა, რომ დედები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან? ბავშვი ხომ მხოლოდ მის გარშემო არსებულ რეალობას და საკუთარ დედას იცნობს, რომელიც მისთვის მთელ სამყაროს და ყოველგვარ დედობრივ გრძნობას განასახიერებს?!  რაკი ვიცით, რომ მოზარდი შთაბეჭდილებებს  ადრეულ ასაკშივე ღრმად ჩაიბეჭდავს გონებაში ამიტომ საათის ისრებიც სწორედ ამ დროიდან იწყებს ადამიანის პირადი ცხვრების ათვლას.

ზრდის პროცესში ბავშვი მშობლებისგან განსაკუთრებულ სიყვარულს მოითხოვს და ამასთან ამ სიყვარულისადმი მათ მზაობას სხვა თვალით უყურებს. მშობლებს უნდა ეყოთ კეთილგონიერება ,რათა შვილი ნელ-ნელა გაათავისუფლონ თავიანთი სიყვარულისაგან და მას დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება მისცენ. დედის სიყვარული სწორედ იმ დროს განიცდის ხოლმე მარცხს, როდესაც მოზარდი ცდილობს, მას დამოუკიდებლობის მოთხოვნა წაუყენოს.

შვილისადმი თავდაპირველი სიყვარულის შენარჩუნებას დედა ეგოისტურად ცდილობს, რადგან სურს ბავშვს იგი წინანდებურად უყვარდეს და მასზე იყოს დამოკიდებული. მშობლები შიშით ადევნებენ თვალს პატარის განვითარებას, მის მიმართ ხშირად შეუწყნარებლობას იჩენენ ან ყოველნაირად ზღუდავენ, რადგან მისი დაკარგვისა ეშინიათ. არადა ისინი ბავშვს რეალურად მაშინ კარგავენ, როდესაც მას აღარ შესწევს მშობლებთან ბრძოლის უნარი ან თავს მსხვერპლად მიიჩნევს, რომელსაც მშობლები ავადმყოფობით, დეპრესიითა და თავის მოკვლითაც კი აშანტაჟებენ. ამ დროს ისინი სწორედ იმ მნიშვნელოვან გრძნობას ახშობენ ბავშვში, რომელსაც ამ ქვეყნად არსებობითა და საკუთარი პიროვნების განვითარებით გამოწვეული სიხარული ჰქვია.

დედის სიყვარულს ხშირად მეტისმეტად  მაღალი იდეალები და განუხორციელებელი მოთხოვნები ახლავს. ზოგიერთი დედა , შვილის სიყვარულით დაბრმავებული, არარეალურ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს და ხშირად დანაშაულის გრძნობა იპყრობს იმის გამო, რომ ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ასეთი დედა ფიქრობს რომ, ამ ქვეყნად მხოლოდ შვილის სიყვარულით უნდა ცოცხლობდეს და ერთი წუთითაც არ ივიწყებდეს მას. ამიტომ იგი საშინლად განიცდის, თუ იძულებული ხდება ბავშვის მიმართ სიმკაცრე გამოიჩინოს, როდესაც იგი უზნეოდ და გამაღიზიანებლად იქცევა. არადა ბავშვი სწორედ დედის განცდებით ხვდება როდის და როგორ შეიძლება გააღიზიანოს იგი. ნაცვლად იმისა, რომ  შვილისადმი გრძნობები თავისი ბუნებისა და ხასიათის შესაბამისად მართოს, ზოგიერთი დედა საკუთარი თავისაგან მოითხოვს მის მიმართ იდეალური და სრულყოფილი იყოს, რაც შეუძლებელია. უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთ დედებს სახარბიელო დედები ნამდვილად არ ეთქმით, რადგან შვილებს მათთან საერთო ენის გამონახვა უჭირთ; ამ დროს ზოგი შვილი ასეთი სრულყოფილების მოთხოვნას საკუთარ თავსაც უყენებს და „სრულყოფილი’’ დედის გვერდით, ხშირად უჩნდება საკუთარი არასრულყოფილების განცდა.

მოსიყვარულე დედამ ბავშვს შესაძლებლობა უნდა მისცეს, რათა მან  დედის სიყვარულის საფუძველზე, გამოავლინოს მზაობა და გარესამყაროს ნდობით გადაუშალოს გული, მერე კი ეს სამყარო გაითავისოს და ადამიანებთან ურთიერთობა შეძლოს. ამით დედა პატარას სიცოცხლის სიყვარულს ასწავლის და შთააგონებს, რომ ცხოვრებაში ნებისმიერი სიძნელის გადალახვას შეძლებს, დამოუკიდებლობას დანაშულის გრძნობის გარეშე დაიმკვიდრებს და ადამიანების მიმართ სიყვარულით განიმსჭვალება.

ადამიანს, რომელსაც სიყვარული ბავშვობაში არასოდეს ან მცირედ თუ უგრძვნია, ძალიან გაუჭირდება სიყვარულის სწავლა, რადგან მან უნდა გასცეს ის, რაც არასოდეს მიუღია. ქრისტიანული მცნება, რომლის თანახმადაც  ადამიანმა მოყვასი საკუთარი თავივით შეიყვაროს, მისთვის მეტისმეტად მკაცრი მოთხოვნაა. თუ ასეთი ადამიანი ამ მცნებას საკუთარ თავთან მიმართებაში, ეს ნიშნავს, რომ მას,  როგორც „არა საყვარელ არსებას“ თავისი თავის სიყვარულის უნარი არ გააჩნია. კაცმა რომ თქვას ამ შემთხვევაში საკუთარ თავს მხოლოდ ის უნდა მოვთხოვოთ, რომ მოყვასი ისე გვიყვარდეს, როგორც ერთ დროს ჩვენ ვუყვარდით. რეალურ ცხოვრებაში ასეთი რამ ხშირად ხდება. მით უფრო მნიშვნელოვანია, გავიაზროთ: სიყვარულის ჩვენეული უნარის გამოსავლენად, ერთხელ მაინც თავადაც უნდა ვიგრძნოთ, რომ სიყვარულის ღირსნი ვართ. სიყვარული ხომ დასაბამიდან იმას მოითხოვს, რომ საკუთარი თვის სიყვარული სხვებზე გადავიტანოთ?! ბუნებრივია სიყვარული ყოველთვის საპასუხო სიყვარულს მოითხოვს, ამიტომ საკუთარ თავს ვერ ვაიძულებთ, ცალმხრივი სიყვარულით დაკმაყოფილდეს, რადგან ეს გრძნობა ერთსა და იმავე დროს გაცემასაც გულისხმობს და მიღებასაც. მშობლებს იმედი აქვთ, რომ მათი თავდადება და ზრუნვა ამაოდ არ ჩაივლის და შვილისაგან საპასუხო სიყვარულს მიიღებენ, მაგრამ მათ ამის მიღწევა მიზნად არ უნდა დაისახონ. ხშირად მიიჩნევენ, რომ დედობრივი სიყვარული იდეალური გრძნობაა, და მას „წმინდა“ თავდადებულ სიყვარულსაც უწოდებენ. ზოგიერთ ადამიანს, ალბათ შეუძლია თავდადებული სიყვარული, მაგრამ ჩვეულებრივ, გვინდა ხოლმე, რომ სიყვარულზე სიყვარულით გვიპასუხებდნენ  და ისე ვუყვარდეთ, როგორც მაშინ, როდესაც მშობლების როლში გამოვდივართ. სიყვარულმა ადამიანს ბედნიერება უნდა აგრძნობინოს და მას ყოველთვის ვაცნობიერებდეთ, როდესაც ამ გრძნობას ადამიანებისგან დაჟინებით მოვითხოვთ. არა მიზან მიმართული, ჩვეულებრივი სიყვარული ის გრძნობაა, რომელსაც ადამიანი ყველასა და ყველაფრის მიმართ იჩენს. სწორედ ამ უანგარო გრძნობის გამოვლენისას აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ადამიანები და საგნები  თავიანთ საიდუმლოებებს გვანდობენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთ სიყვარულს ვე შევხვდებით, რადგან ადამიანი მას საკუთარი თვის მსხვერპლად შეწირვის პასად აღწევს. ასეთი სიყვარული არასდროს ქრება და მას ყველაზე ნატიფი ფორმით მისტიკოსები ავლენენ.

ასეთი სიყვარულის უნარი ჩვენი პიროვნების განვითარებაზეა დამოკიდებული და იგი ყველას გააჩნია. მისი რეალიზება უკავშირდება პიროვნების მზაობას-რამდენად ხელეწიფება, უპასუხო სიყვარულით უყვარდეს. მაგრამ ეს გრძნობა არ ითვალისწინებს არავითარ მოთხოვნას იდეოლოგიური ან თავდადებული   სიყვარულის თაობაზე. ასეთი სიყვარულის საფუძველი შეიძლება მხოლოდ იმის შეგნება იყოს, რომ თავისუფალი არა მიზანმიმართული სიყვარულის წყალობით ადამიანის შინაგანი სამყაროს სიმდიდრეს ვეზიარებით; ერე კი ეს გრძნობა ჩვენში სრულიად ბუნებრივად გაცხადდება.

სიყვარულის ნებისმიერი სახის მსგავსად, მშობლის სიყვარულიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ყველაზე დიდი ბედნიერება ძღვენის სახით მორთმეულ სიყვარულს მოაქვს. ასეთი სიყვარული უდავოდ ნიჭი და მადლია, რომლის გაცემაც ყველას როდი შეუძლია, რადგან ნებისმიერი უნარის მსგავსად, სიყვარულის უნარსაც  სხვადასხვა ინტენსიობა გააჩნია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრების აზრს სიყვარულში ხედავენ. ამგვარი ძღვენის სახით მორთმეული სიყვარული ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როგორც კი ადამიანმა შეიძლება გამიცადოს. იგი არ მოითხოვს საპასუხო სიყვარულს და მხოლოდ იმის მოლოდინშია, რომ მისი სიყვარულის ობიექტი ვითარდებოდეს და სრულყოფილი ხდებოდეს. ამასთან ეს ობიექტი ვერ უნდა გრძნობდეს, რომ ამ სიყვარულზე რამენაირად დამოკიდებულია; იგი თავს მხოლოდ სიყვარულის ობიექტად უნდა შეიგრძნობდეს და იმ შეგნებით უნდა ცხოვრობდეს, რომ სიყვარულის დაუშრეტელ წყაროს წარმოადგენს. ეს გაუცნობიერებელი და ბრმა გრძნობა კი არა, გამორჩეული სიყვარულია, რომელიც ადამიანს საკუთარი თავისადმი რწმენას უნერგავს. იგი თავს იმ საყვარელ არსებად შეიგრძნობს, რომელსაც შეუძლია საკუთარი შინაგანი ბუნების შესაბამისად განვითარდეს; ამგვარად მიძღვნილი სიყვარული აღსრულების მიზანს იმაში ხედავს, რომ მეორე ადამიანს საშუალება მისცეს, საკუთარი პიროვნება მაქსიმალურად განივითაროს და სრულყოს. ამიტომ ეს სიყვარული ყოველგვარ პატივმოყვარეობას, ანგარებას, სახელისა თუ წარმატებისკენ სწრაფვას გამორიცხავს და მხოლოდ პიროვნების სიმწიფის, ადამიანობისა და ღირსების გამოვლინებას ემსახურება.

ამგვარი სიყვარულის საპირისპიროა გამანებივრებელი სიყვარული, რომელიც ჩვეულებრივ ორი მიზეზით წარმოიშობა; ეს არის გარკვეული დანაშაულის გრძნობა, რომელსაც დედა ან მამა შვილის მიმართ განიცდის, ან ბავშვის სიყვარულის მოპოვების სურვილი. იმ დროს როდესაც მშობელი შვილს იმ მიზნით ასაჩუქრებს, რომ მისგან მადლიერება იგრძნოს და გარკვეული ვალდებულებების შესრულებას მიაღწიოს , ამით ცდილობს, ბავშვი ამ სიყვარულის ტყვედ აქციოს. ამ შემთხვევაში ეს გრძნობა ადამიანისადმი არ არის მიმართული და მხოლოდ იმას „გულისხმობს“ რომ სიყვარულის ობიექტი ვალდებულია, მას სიყვარულითვე უპასუხოს. ამ დროს სიყვარულს, თითქოს მხოლოდ გაცვლითი ღირებულება აქვს და ამ ადამიანების ცხოვრებაში  ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს. განებივრება ხარკს მოითხოვს და სწორედ ამაში ვლინდება ამ სახის სიყვარულის მეორე მხარე, რომლიც ბავშვს დიდ პრობლემას უქმნის.

ნორმალურ მშობლებს, რა თქმა უნდა, დიდი ამაგი აქვთ შვილზე და, როდესაც ბავშვს ამას გამუდმებით შეახსენებენ, მას მშობლის ეგოისტური საქციელის გაცნობიერება კარგა ხანს უჭირს. ასეთი სიყვარულით „დაჯილდოებული“ ბავშვი გამუდმებით  მადლიერებას უნდა გამოხატავდეს იმის გამო, რაც თავად არასდროს არავისთვის უთხოვია, და თუ იგი ამ მადლიერებას არ გამოხატავს , დანაშაულის გრძნობა ეუფლება. ასეთი ბავშვი ძნელად თუ დაარწევს თავს მშობლებს. ამ დროს მასში უმთავრესად შურისძიების გრძნობა იღვიძებს, მუდმივად განებივრებას მოითხოვს და , ამრიგად <<ეშმაკის წრეში>> ექცევა, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან უჭირს. არის შემთხვევები, როდესაც მოზარდი ცხოვრების ხალისს კარგავს და საკუთარ თავს მთლიანად  მშობლებს მიანდობს; ამ დროს საკუთარი იმპულსები არ გააჩნია და აღარ ვითარდება , რადგან ყველაფერი მზამზარეულად მიერთმევა. ასე იქმნება დეპრესიისათვის ხელსაყრელი ფსიქოლოგიური ფონი.

მსგავსი შედეგები, შესაძლოა <<კრუხი დედის>> საქციელმაც გამოიწვიოს, რომელიც, შვილის დაკარგვისა თუ საერთოდ ცხოვრების წინაშე შიშით, ბავშვის დაცვას ცდილობს ყველაფრისაგან- იქნება ეს ამინდი, გარკვეული საკვები, სპორტი თუ მეგობრები. იგი ყველაფერში საფრთხეს ხედავს და ბავშვს სულ მცირე საშუალებასაც არ აძლევს, რომ თავისუფლად იმოქმედოს და რაიმე ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღოს. ასეთი დედა უჩინარი კედელივით აღიმართება შვილსა და გარესამყაროს შორის და ცდილობს, თავად აღუდგეს წინ იმ წინააღმდეგობებს, რომელთა გადალახვაც ბავშვისგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. ცხადია ასეთი დედები განსაკუთრებით დიდ პრობლემებს ვაჟიშვილებს უქმნიან, უკიდურესად ზღუდავენ მათ და ცდილობენ, მათში ყოველგვარი ბავშვური სურვილი ჩაკლან.

ამგვარი <<აღზრდის>> შედეგი განსაკუთრებით მოგვიანებით იჩენს ხოლმე თავს, როდესაც მშობლები შვილისაგან ისეთი საქმის შესრულებას მოითხოვენ, რაც მისთვის არასოდეს უსწავლებიათ. ასე გვევლინებიან <<დედის კალთას გამოკერებული>> ანუ <<მარადიული ბავშვები>> რომლებსაც ხანგრძლივი და მძიმე ბავშვობა აქვთ; საბოლოოდ მათ ურჩევნიათ, ფარ-ხმალი დაყარონ და საკუთრი უძლურება აღიარონ, ვიდრე იმ მდგომარეობიდან გამოსვლას შეეცადონ. ასეთი ბავშვი მძიმედ ვითარდება. მას მშობლების სიყვარული საფრთხეს უქმნის, რადგან ისინი თვიანთ გრძნობას საკუთარ მოლოდინებს უკავშირებენ(წინასწარვე აქვთ წარმოდგენილი, როგორი უნდა იყოს ბავშვი, როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი) ამ დროს მშობლები გარკვეულ სოციალურ როლსა ასრულებენ , როდესაც ცდილობენ , მაგალითად  საკუთარი პატივმოყვარეობა შვილის ხარჯზე დაიკმაყოფილონ. მათ სურთ, ბავშვს საკუთარი ნება მოახვიონ და იმ მიზნების განხორციელებას აიძულებენ, რაშიც თავად მოეცარათ ხელი. რაკი შვილს მშობლების დაკარგვისა ეშინია, ის იძულებულია მათი სურვილი შეასრულოს. ბავშვს ეს დიდ საფრთხეს უქმნის, რადგან ამ დროს საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდის და მასზე ძალადობა უხდება. თუ მოზარდი მოგვიანებით მაინც ვერ მოიკრებს გამბედაობას და ამ გრძნობისგან მაინც ვერ გათავისუფლდება, იგი ძნელადღა იგრძნობს მეგობრობით გამოწვეულ სიხარულს, რომელიც ესოდენ სჭირდება ადმიანს.

ამრიგად შვილები ხშირად ეწირებიან მშობლების პრეტენზიებს, ანგარებას, პატივმოყვარეობას თუ ილუზიებს. ასეთი მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ მათი ყველა ქმედება შვილის სასიკეთოდაა მიმართული, და დაჟინებით ცდილობენ ამაში ბავშვიც დაარწმუნონ. ამ უკანასკნელს კი არ გააჩნია უნარი, ჩასწვდეს საქმის ვითარებას , მეტადრე მაშინ თუ მშობლების ინტერესები სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდება.

ბუნებრივია, რომ მშობელი შვილის წარმატებით ამაყობდეს; მაგრამ, თუ ბავშვს ამ დროს ისეთი საქმის კეთებას აიძულებენ, რაც მის შინაგან ბუნებას ეწინააღმდეგება, ამან შეიძლება კატასტროფული შედეგი მოიტანოს. ამ დროს გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი <<ამბოხი>> ან მოთხოვნაზე უარის თქმა ბავშვისათვის ერთადერთი საშუალებაა, თავი დააღწიოს სიტუაციას, როდესაც აიძულებენ , წარმატებას იძულების წესით მიაღწიოს. მაგრამ ამგვარი რეაქციის შემდეგ ბავშვი იმედგაცრუებული და გულგატეხილი რჩება, რადგან იცის, რომ მისი წინააღმდეგობა მხოლოდ თავსმოხვეულ სურვილს უკავშირდება; ამიტომ არ შეიძლება მოველოდეთ, რომ ვაშლის ხე მსხალს გამოიბამს.

ახლა სიყვარულის კიდევ ერთ ფორმას შევეხოთ, რომელსაც შეიძლება <<გამანადგურებელი სიყვარული>> ვუწოდოთ. ვგულისხმობთ შემთხვევებს, როდესაც მშობლები სიყვარულს იმაში ავლენენ, რომ ბავშვს ერთი წუთითაც არ ასვენებენ, მუდმივად ერევიან მის ცხოვრებაში და დამოუკიდებელი არსებობის საშუალებას არ აძლევენ. ასეთი მშობლები ბავშვს საკუთარი მოთხოვნების შესრულებას აიძულებენ და გამუდმებით რჩევებს აძლევენ ისე, რომ ფიქრობენ რამდენად შეესაბამება ეს პატარის ნება-სურვილს. ამასთან გულუბრყვილოდ სჯერათ, რომ მათი მოთხოვნები ბავშვს სიხარულს ანიჭებს. ისინი შვილს მარტოობას ართმევენ და ამდენად მუდმივად ძალადობენ მასზე. დასაწყისში ეს შეიძლება ეხებოდეს ბავშვის კვებას, მოგვიანებით კი ამგვარი ძალადობა ბავშვის ნებისმიერ ქცევაზე ვრცელდება. ამ დროს დედას და მამას ჰგონიათ, რომ მათ უკეთ იციან, რა სჭირდება შვილს, რა ახარებს ან ვისთან შეიძლება მეგობრობდეს. ასეთ ბავშვს ძალიან უჭირს საკუთარი იდენტობის პოვნა, ის ვერ შესჩვევია აზრს, რომ შეიძლება თავისი სურვილები და მოთხოვნილებები ჰქონდეს, და მუდმივად ისე ცხოვრობს, თითქოს ვიღაც განაგებს. ასეთმა ბავშვმა არ იცის, რას წარმოადგენს სინამდვილეში, რადგან მარიონეტია, რომელსაც მშობლები უხილავი ძაფებით მართავენ. ბოლოს ის დედებიც უნდა გავიხსენოთ, რომლებიც თავიანთ ვაჟიშვილებს განსაკუთრებით დიდ საფრთხეს იმით უქმნიან, რომ  დედობრივ სიყვარულთან ერთად, პარტნიორს მეტოქედ აღიქვამენ. ასეთი დედები თითქოს ცდილობენ, საკუთარ ვაჟიშვილებს საყვარლის როლი შესთავაზონ. თავდაპირველად, ასეთი ვითარების გამო, შვილს სიამაყის განცდა ეუფლება , რადგან გრძნობს ,რომ დედა გამორჩეული ყურადღებით ექცევა; მაგრამ თანდათანობით ხვდება ,რომ ამ როლის შესრულება ძალიან ძვირი უჯდება , რადგან მუდმივად <<დედის კალთაზეა>> გამოკერებული. მართალია, მას დედა განსაკუთრებულ სიყვარულს აგრძნობინებს, მაგრამ შვილისთვის ასეთი ყოფა დროთა განმავლობაში გაუსაძლისი ხდება. მას დიდი ხანია, დედის სიყვარულში ეჭვი აღარ ეპარება და ერთგულად ასრულებს მისი თანმხლები რაინდის, მცველისა და პარტნიორის როლს, მაგრამ, რაკი ამ სიყვარულს ბუნებრივად დადგენილი საზღვრები გააჩნია, ამიტომ იგი ვერ გასცდება გარკვეული ნაზი გრძნობების ფარგლებს. დედის ეჭვიანობის გამო ვაჟიშვილს ნებისმიერ ქალთან ურთიერთობა ეკრძალება. დედის ამგვარი ინცესტური სიყვარული, შესაძლოა , შვილს დიდი ხნით  გაჰყვეს, მით უფრო თუ ოჯახში არის მამა რომლის მიმართაც შვილი აშკარად გრძნობს საკუთარ უპირატესობას. თავის მხრივ დედა შვილს მამასთან ურთიერთობას უკრძალავს, არადა მასთან კონფლიქტი ყმაწვილს მამაკაცური ბუნების დამკვიდრებაში შეუწყობდა ხელს. სიტუაცია უფრო რთულდება თუ ვაჟიშვილი მამისადმი კეთილგანწყობილია, დედა კი აიძულებს, მეტოქეობა გაუწიოს მას-ეს ოჯახში ხშირად ტრაგედიის მიზეზი ხდება. როგორც დავინახავთ, მსგავსი სიტუაცია მეორდება როდესაც მამას და ქალიშვილს შორის ურთიერთობა პარტნიორული სიყვარულის სახით ვლინდება.

შვილებთან ამგვარ ურთიერთობებს მშობლები სიყვარულად აღიქვამენ და ამ ფაქტიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ რამხელა მსხვერპლის გაღებას მოითხოვს ჯანსაღი სიყვარული.

წლების მანძილზე, უპირველეს ყოვლისა დედას უხდება მსხვერპლის გაღება ამ სიყვარულის გამო, რადგან ფეხმძიმობიდან მოყოლებული, უარი უნდა თქვას ბევრ რამეზე -თუნდაც საკუთარი ცხოვრების წესზე, სურვილსა და თავისუფლებზე, რომ აღარაფერი  ვთქვათ თავად ფეხმძიმობაზე, მშობიარობაზე, ოჯახურ სიტუაციასა და ეკონომიკურ პირობებზე, ასევე მამის ხასიათის თავისებურებებზე, მის განწყობაზე ბავშვის მიმართ. ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, რა სიტუაციაში მოხდა ქალის ქორწინება, რა გამოცდილება მიიღო ბავშვობაში საკუთარი დედისაგან. თუ ქალს შვილი ნამდვილად უყვარს, იგი მზადაა, ბევრ რამეზე უარი თქვას და მისთვის გაღებული მსხვერპლი არად ჩააგდოს.

ბევრჯერ გავმხდარვართ მოწმე იმ საოცარი შემთხვევისა, როდესაც დედას შვილის გულისათვის დიდი მსხვერპლი გაუღია და სხვაგვარად ვერც წარმოგვიდგენია. თუმცა დედობრივი სიყვარული ყოველთვის უთუოდ არ გულისხმობს მსხვერპლის გაღებას – ბავშვების უმრავლესობა სიყვარულის გარემოში იზრდება და ნორმალურად ვითარდება.

და ბოლოს კვლავ მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ კეთილგანწყობილი და მოსიყვარულე დედები, რადგან ადვილი წარმოსადგენია, როგორ მოქმედებენ ბავშვებზე ძუნწი, გულქვა და მკაცრი დედები, რომლებსაც სიყვარულის უნარი არ გააჩნიათ.

მშობლების სიყვარული ნებისმიერ შემთხვევაში მსხვერპლის გაღებას მოითხოვს, რაც ბავშვისთვის მნიშვნელოვანია და დიდად წაადგება მის კეთილდღეობას. ამიტომ მშობლებს აღარ უნდა მოვთხოვოთ, რომ მათ თავიანთი ფუნქციები იდეალურად შეასრულონ, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია. ის ვალდებულებები კი რაც მშობლებს შვილების მიმართ აწევთ შეიძლება ასე შევაჯამოთ: ბავშვისთვის უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოების დაცვა და, ემოციურ მოპყრობასთან ერთად, მისი ნდობის მოპოვება რაც პატარის არსებობის საიმედო საფუძველია; თავისთავად აუცილებელ, წინასწარ დადგენილ კვების რეჟიმთან და ჰიგიენასთან ერთდ, ბავშვი მშობლების მხრივ სინაზის ზომიერად გამოვლენასაც საჭიროებს. იგი მშვიდ გარემოში უნდა იზრდებოდეს, რათა მისი განვითარება ნორმალურ პირობებში მოხდეს. ბავშვები დაბადებიდანვე განსხვავებული ხასიათითა და ტემპერამენტით გამოირჩევიან და ამას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს, რათა მოზარდის თვითმყოფადობა მშობლების რაიმე პრინციპს ან ახირებას არ შეეწიროს მსხვერპლად.

მშობლებმა საკუთარ თავს აუცილებლად უნდა დაუსვან კითხვა – რა როლსა და ფუნქციას ასრულებს შვილი მათ ცხოვრებაში, რათა გააცნობიერონ უყვართ იგი ისეთი როგორიც არის, თუ საკუთარი მოთხოვნების საფუძველზე სურთ მისი გარდაქმნა, როგორც ეს ზემოთ იქნა აღნიშნული. ისმის კითხვა: უნდა შექმნან თუ არა მშობლებმა საკუთარი შვილის სურათ-ხატი, რომელშიც ისინი მათთვის მნიშვნელოვან თვისებებს დაინახავენ? როგორი წარმოუდგენიათ მათ მომავალში თავიანთი შვილი – ნაზი დამთმობი, თუ მამაცი და შეუპოვარი, თვინიერი და მოკრძალებული, თუ დამოუკიდებელი და თვითდაჯერებული? მშობლების სიყვარული ცხადია გულისხმობს, რომ მათ შვილთან დაკავშირებით გარკვეული მიზნები ჰქონდეთ, მაგრამ ეს პრობლემა როდია თუ ეს მიზნები ბავშვის შინაგან ბუნებას არ ეწინააღმდეგება; პრობლემა მხოლოდ მაშინ იჩენს თავს, თუ მშობლების შეხედულებები ბავშვის სურვილებს არ ემთხვევა. ამის შედეგია ტრაგიზმამდე მისული კონფლიქტები, რაც ბავშვს აბნევს და მის დეზორიენტაციას იწვევს. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვან როლს დედის სიყვარული ასრულებს.

მძიმე პირობებში, გაჭირვებაში გაზრდილი ბავშვი დედამ ადრევე უნდა გაათავისუფლოს საკუთარი გავლენისაგან და მისცეს მას გარესამყაროსთან, ან სხვა ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება. ამ დროს იგი შვილისათვის მნიშვნელოვანი აღარ არის, მაგრამ სამაგიეროდ დედა თავისი ამგვარი ქმედების საზღაურს იმაში ხედავს, რომ ბავშვი ნორმალურად იზრდება და ვითარდება. ამასთან მას შეუძლია ჰქონდეს იმედი, რომ შვილი მას მადლიერებითა და სიყვარულით უპასუხებს, თუმცა არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა ეს მოლოდინი გაუმტყუნდეს კიდეც.

როდესაც შვილის მიმართ დედის და მამის განსხვავებულ სიყვარულზე ვმსჯელობთ, აქვე ხაზგასმით დავძენთ, რომ ამ სიყვარულის უამრავი ინდივიდუალური სახეობა არსებობს. მათი რაიმე შაბლონური სქემის მიხედვით დახასიათება შეუძლებელია. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მამებს ოჯახში ჯერ ისევ სხვადასხვა ფუნქციების შესრულება უხდებათ. ყოველ შემთხვევაში ამაზე მეტყველებს დასავლური კულტურა. ალბათ ბავშვების სიყვარული მამების მიმართ ნაკლებად ემოციური, სამაგიეროდ, უფრო მომთხოვნი და პრეტენზიულია. უნდა ითქვას, რომ მამებს ადრეულ პერიოდში შვილებთან ნაკლებად აქვთ კავშირი. ბევრი მათგანი შვილებთან ურთიერთობას მას შემდეგ იწყებს, როცა იგი წამოიზრდება და <<ჭკუაში ჩავარდება>>. ამასთან მამებს ამ დროს ვაჟიშვილებთან უფრო უადვილდებათ ურთიერთობა; ქალიშვილებთან მამის დამოკიდებულება, შესაძლოა ისეთი ინცესტური სახით გამოვლინდეს, დედასა და ვაჟიშვილს შორის ზემოთ რომ არ ვწერეთ.

მამას ხშირად იმედი აქვს, რომ ვაჟიშვილი მას ნიმუშად გაიხდის, მის სპეციალობას გაჰყვება და ხასიათით თუ აზროვნებითაც  მას დაემსგავსება. ვაჟი მამისთვის<<გვარის გამგრძელებელია>> რომელმაც ოჯახური ტრადიციები უნდა დაიცვას. ამრიგად მამა ცდილობს, შვილში საკუთარი თავი დაინახოს, რაც ვაჟიშვილისა და მამის ურთიერთობის ტიპიური მაგალითია.

მამას დედასთან შედარებით, ხშირად უფრო ნაკლები მსხვერპლის გაღება უხდება. ამის მიზეზი ის არის, რომ მამა უფრო ადვილად აძლევს შვილს განვითარებისათვის საჭირო თავისუფლებას. აქტიური პროფესიული საქმიანობის გამო, მამას უფრო ხშირად უწევს ცხოვრების წესის შეცვლა, ვიდრე დედას, რომელიც უმთავრესად <<მხოლოდ>>დედისა და მეუღლის მოვალეობას ასრულებს. მამას კი შეუძლია თვისი საქმიანობის წყალობით, წარმატებას მიაღწიოს, აღიარება მოიპოვოს და ამით თვითკმაყოფილება განიცადოს. ამის გარდა დედებისაგან განსხვავებით მამები შვილებში საერთოდ სხვა თვისებებს აფასებენ; თუმცა, შესაძლოა  ეს პირიქითაც მოხდეს, რადგან არ არსებობს დედებისა და მამებისათვის წინასწარ დადგენილი როლი და ფუნქცია. ეს როლები ხშირად იცვლება ან საერთოდ აზრს კარგავს, რადგან არსებობენ<<დედობრივი მამები>> ანუ <<მეოჯახე მემები>> და <<სამსახურში გასული დედები>>. შეიძლება ასევე ითქვას რომ მამებს უმთავრესად საკუთარ წარმოსახვაში, <<მომავალში არსებული>> შვილები უყვართ, დედებს კი შვილის სიყვარული ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ.

რა თქმა უნდა მშობლებს შორის ასეთ განსხვავებას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. ამგვარი შეფასებისას მამის საზოგადოებრივი როლის დადგენა ასე ხდება: „მამები ასეთები უნდა იყვნენ, თუ უნდათ რომ მათ ნამდვილი მამები ერქვათ“. ემანსიპაციისა და სტერეოტიპული როლების მზარდი მონაცვლეობის მიუხედავად, საზოგადოება მამებსაც და დედებსაც გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს ისე, რომ არ ითვალისწინებს მათ ინდივიდუალურ მონაცემებსა  და მიდრეკილებებს. ამიტომ ადამიანები ამ საზოგადოებრივ ფორმებს ძნელად თუ აღწევენ თავს. ქალიშვილისათვის მამა, ხოლო ვაჟიშვილისათვის დედა საპირისპირო სქესის პირველი ადამიანები არიან, რომლებსაც ისინი ცხოვრებაში ხვდებიან. ამრიგად მამაკაცობრივისა და მამობრივის, ისევე როგორც ქალურობისა და დედობრივის სურათ-ხატს ბავშვი მშობლების გავლენით ქმნის, რაც მათთან ხანგრძლივი ცხოვრების დროს, ბუნებრივია სულ უფრო ღრმად ჩაებეჭდება გონებაში. მშობლები ძალზე ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ მათი პიროვნული თვისებები, ხასიათი თუ ქცევის წესები, შესაძლოა, შვილებს ბედისწერად ექცეთ. არადა მათ ეს რომ ესმოდეთ, ძალ-ღონეს არ დაიშურებდნენ, რათა შვილები ცხოვრებისათვის უკეთ მოემზადებინათ და მათთვის ბედნიერი მომავალი უზრუნველყოთ.

 

 

წყარო:  ფრიც რიმანი – სიყვარულის უნარი

Leave A Reply

error: Content is protected !!