განმეორება (რეპეტიცია) ფსიქოანალიზში

0

განმეორებას ფროიდ განიხილავს, როგორც შინაგან იძულებას.  ეს ცნება ფროიდის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებულ მნიშვნელობასა და ფუნქციას იძენს. განმეორების ცნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ფსიქიკური აპარატის მეორე ტოპოგრაფიის ფარგლებში იძენს. პაციენტების ცხოვრებაში მონაწილეობს განმეორებადი ქცევები, რომლებსაც ისინი გაუცნობიერებლად ახორციელებენ და რომელიც განდევნილის დაბრუნების ერთ-ერთი გამოვლინებაა. მიუხედავად ამისა, განმეორების ეს ფორმები აუცილებლად სიამოვნების წყაროს  არ წარმოადგენენ. ფროიდი განმეორებას, როგორც მექანიზმს, ისეთი ქცევებისა და მოქმედებების დონეზე აღმოაჩენს, რომლებსაც ინდივიდი გარდუვალი მარცხისკენ მიყავთ. მარცხის, ხელმოცარულობის გამომწვევი ქცევა განმეორებად სახეს იძენს ( ფროიდი ამ  ფენომენს უძღვნის სტატიას ,,წარმატების დროს განცდილი მრცხი“). ფროიდისთვის ტრავმატული ნევროზიც განმეორების მექანიზმის მოქმედების დასტურია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სუბიექტი მატრავმირებელი სიტუაციის რეპროდუქციას უცვლელი და განმეორებითი ფორმით ახდენს სიზმარში. ჩვენ მიერ აღწერილი თამაში Fort-da, როდესაც ბავშვი დედისგან სეპარაციას, როგორც უსიამოვნო სიტუციას, სიმბოლურად იმეორებს, აგრეთვე, განმეორების მოქმედებაზე მიუთითებს.

განმეორების მოქმედების გავლენა ფსიქოანალიზურ მკურნალობაზე ფროიდის ფიქრის საგანი გახდა. ის მივიდა მოსაზრებამდე, რომ გახსენება, როგორც ფსიქოანალიზური მკურნალობის საფუძველი, სწორედ განმეორებით იყო შეზღუდული. რემემორაციის (მოგონებების რეკონსტრუქცია), როგორც ანალიზური მუშაობის საფუძვლის, ეს შეზღუდვა თავს ავლენს პაციენტის მოქმედებებში, რომლებსაც ის სეანსზე ან ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება ახორციელებდეს. ე.ი. ის, რისი გახსენებაც ( რემემორაცია) შუეძლებელი იყო, ვლინდებოდა  და განმეორებად მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში, რომლებსაც პაციენტი განუხორციელებლად იღებდა. რემემორაციას განმეორება ენაცვლებოდა . ეს გარემოება ფროიდს ტრანსფერის  ცნების ხელახალი გააზრებისკენ უბიძგებს, ტრანსპერისა, რომელიც ამ შემთხვევაში ( განმეორება) ვლინდებოდა,  როგორც წინააღმდეგობა (Resistance) არა მხოლოდ წარსული გამოცდილების მიმართ, არამედ  მისი აქტუალური გამოვლენების დონეზე.  ამ საკითს ჩვენ მოგვიანებით დავუბრუნდებით, მაგრამ აქ შეიძლება ვიკითხოთ: რამდენად მართებულია ტრანსფერისა და განმეორების  ფენომენის ერთმანეთთან გაიგივება?

განმეორების ფენომენი ფროიდს ლტოლვის პირველი თეორიის გადახედვისაკენ უბიძგებს, რის შემდეგაც მას შემოაქვს სიკვდილის ლტოლვის- სიამოვნების პრინციპის მიღმა მოქმედი ძალის ცნება. პირველი მსოფლიო ომის დროს და მის შემდგომ ფროიდის მიერ განხორციელებული თეორიული ცვლილებები აფართოებს ფსიქოანალიზის გამოყენებისა და კვლევის არეალს როგორც სოციალური და კულტურული ცხოვრების, ასევე კლინიკური მუშაობის სფეროში.

ფროიდს ანალიზის პრაქტიკაში საწყის ეტაპზე ისტერიული პაციენტების  მკურნალობისას სწორედ განმეორების ფენომენი გამორჩა მხედველობიდან, რაზეც ლაკანი ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს არ არის გასაკვირი, თუ  გავითვალისწინებთ ისტერიული პაციენტის მამისკენ მიმართულ სურვილს, რომელშიც მამის სტატუსის შენარჩუნებასა და აღდგენას ისახავს მიზნად; როდესაც ანალიტიკოსი ისტერიული პაციენტისთვის მამის ადგილს იკავებს, პაციენტი ტრანსფერში, ანალიტიკოსის საამებლად, უხვად ამარაგებს მას მოგონებებით, რაც ნიღბავს განმეორების მოქმედებას, რომელიც ამ სცენის მიღმა განაგრძობს მუშაობას.

  • TUCHE TE AUTOMATON

განმეორების ადგილი ფსიქოანალიზის პრაქტიკისა და თეორიის ფარგლებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა. ლაკანი იქამდე მიდის, რომ განმეორებას ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ფუნდამენტური კონცეფციის სტატუსს ანიჭებს. განმეორებას ლაკანი ორი რეგისტრის ჭრილში განიხილავს და ამისთვის ფილოსოფიიდან  არისტოტელეს კატეგორიებს სესხულობს.  ერთ-ერთ რეგისტრს ის უწოდებს automaton-ს, რომელიც განმეორების ფენომენს სიმბოლურის რეგისტრთან აკავშირებს: ,,ეს არის ნიშნების ინსტანცია, რომელიც სუბიექტს სიამოვნების პრინციპს ძალით იქვემდებარებს[i]“ . სხვაგვარად თუ ვიტყვით, განმეორება, როგორც automaton-ს, აღმნიშვნელთა ჯაჭვისთვის არის დამახასიათებელი, სადაც აღმნიშვნელი მუდმივად მეორდება, მუდმივად ბრუნდება,  რადგან პირველად აღმნიშვნელი გამქრალია და ეს გარემოება ენობრივი სტრუქტურის გავლენით აღმნიშვნელთა მთელი წყების განმეორებას იწვევს. Tuche – ს, რაც ბერძნულად ნიშნავს ,,შემთხვევით შეხვედრას“. Tuche განმეორებას ტრამვასთან აკავშირებს. ტრავმა არის რეალური შეხვედრის აუტანელი გამოცდილება, რომელის თავიდან აცილებაც სუბიექტმა ვერ შეძლო.  ამ გამოცდილებამ სიმბოლოზაცია ვერ განიცადა, ხოლო განმეორება არის იმის სიმბოლიზაციის მცდელობა, რაც სიმბოლიზაციის მექანიზმს ხელიდან დაუსხლტება. განმეორება ამ გამოცდილების დამორჩილების მარცხისთვის განწირული მცდელობებია.

ამგვარად, განმეორება, როგორც რემემორაციის (მოგონება/ გახსენება) შესაძლებლობის ზღვარი, დაკავშირებულია რეალურთან[ii], იმდენად რამდენადაც ის შეუძლებლობას გამოხატავს. ლაკანი თამაშის  Fort-da  კომენტირებას ახდენს და ამბობს, რომ დედის არყოფნით შექმნილი სიცარიელე, უფსკრული ყოველთვის ღიაა, რომლის ადგილზეც  მოდის სიმბოლური თამაში და აღმნიშვნელი, ის მეორდება მუდმივად და ამ სიცარიელის სიმბოლიზაციას ცდილობს, სიმბოლური წესრიგის უქვემდებარებს მას.

[i] ლაკანი, 1967 წ.

[ii] იგულისხმება არა რეალობა, არამედ რეალური როგორც ერთ-ერთი რეგისტრი ტრიადისა:სიმბოლური, წარმოსახვთი,რეალური.

 

წყარო: ალენ ვანიე “ფსიქოანალიზის შესავალი”

Leave A Reply

error: Content is protected !!