ალფრედ ლენგლე: როგორ მივიდეთ ავთენტურობამდე

0

რა არის მე? რას ნიშნავს, ნამდვილად იყო თვითმყოფადი? რა უშლის და უწყობს ამ ყოველივეს ხელს? 19 მარტს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გაიმართა პროფესორ ალფრედ ლენგლეს ღია ლექცია „მე და ჩემი Person: როგორ ავაშენოთ საკუთარი თავი, მივიდეთ ავთენტურობამდე“. ვაქვეყნებთ ლექციის სრულ ტექსტს.

ალფრედ ლენგლე – ვიქტორ ფრანკლის მოსწავლესა და კოლეგას აქვს სადოქტორო ხარისხი მედიცინასა და ფსიქოლოგიაში. ფრანკლის ლოგოთერაპიასა და ეგზისტენციალურ ანალიზზე დაყრდნობით, მან შექმნა ფუნდამენტური, ეგზისტენციალური მოტივაციების ორიგინალური თეორია, რომელიც საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ ეგზისტენციალურ-ანალიტიკური და ფსიქოთერაპიული კონსულტაციების თეორიული და მეთოდური ბაზისი. ის არის ავტორი წიგნის და დიდი რაოდენობის სტატიებისა, რომლებიც ეძღვნება ეგზისტენციალური ანალიზის თეორიებსა და პრაქტიკებს.

იგი ეგზისტენციალური ანალიზის და ლოგოთერაპიის საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტია ვენაში (GLE-International). ამჟამად, ეგზისტენციალური ანალიზის და ლოგოთერაპიის საერთაშორისო გაერთიანების ნაციონალური განყოფილება მდებარეობს ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (ვენა, ინსბრუკი, ციურიხი, ჰანოვერი, პრაღა, ბუქარესტი, ვარშავა, მოსკოვი, ვანკუვერი, ტორონტო, მეხიკო, ბუენოს-აირესი, სანტიაგო- დე ჩილე).

მინდა დღევანდელ საღამოს მოგიწვიოთ განსაკუთრებული ხასიათის შეხვედრაზე – შეხვედრა საკუთარ თავთან. რა ეწოდება ჩვენს დღევანდელ საუბარს? „მე და ჩემი პერსონალურობა: როგორ მივიდეთ ავთენტურობამდე“. მე ვარ მე და მე არის რაღაც უფრო მეტი, ვიდრე მე, სახელდობრ – პერსონა (Person, პერსონალურობა). მაგრამ როგორ შეესაბამებიან ერთმანეთს ჩემი მე, რომელსაც ვაცნობიერებ და ჩემი პერსონალურობა, რომელიც უფრო ღრმაა? როგორ შევძლებ ამ მოდელის თანახმად მოვმართო საკუთარი მე და გავხდე ავთენტური? ან – როგორ შევძლებ საკუთარი ავთენტურობის გამყარებას?

ენივნები და რედაქციები: მოცემულ ლექციაში ტერმინები პერსონა, Person, პერსონალურობა, პერსონალური, სიღრმისეული მე – გამოიყენება როგორც იდენტური და ურთიერთშემცვლელი.

***

მცირე ექსკურსი შესავლის სახით

რა არის მე და პერსონალურობა? ეს ჩემი სხეულია, ჩემი გრძნობები ან ჩემი შთაბეჭდილებები თუ მიზიდულობა, მისწრაფება? ან იქნებ, რაღაც სხვა არის? ან ყველაფერი ერთად? ეს კითხვები არც ისე მარტივია. თუ ვინმე ეხება ჩემს სხეულს, მაქვს განცდა: მე შემეხნენ. თუ ვინმე მეტროში ფეხზე მაბიჯებს, ვეუბნები: თქვენ ფეხზე დამაბიჯეთ, ეს ჩემი ფეხია. მე სავსებით ბუნებრივად მაქვს გაცნობიერებული, რომ ჩემი სხეული მე მეკუთვნის. და ჩემი გრძნობებიც – ჩემი სიხარული, მრისხანება, შიმშილი… რადგანაც ვგრძნობ, მე ის გამაჩნია. მე – ეს უფრო მეტია თუ მხოლოდ ზემოხსენებული? მე – რაღაც უფრო მეტია. მე შეიძლება შევადაროთ მესამე განზომილებას, ორ განზომილებაზე დაყრნობით: სხეულებრივი, ერთი მხრივ და ფსიქოლოგიური – მეორე მხრივ. ეს მესამე განზომილებაა, ჭეშმარიტი მე-ს, საკუთარი მე-ს განზომილება, რომელიც დაკავშირებულია პერსონალურობასთან.

მაგრამ რა რის ამ მე-ში განსაკუთრებული? ეს მე ფლობს გადაწყვეტილების მიღების უნარს. დღეს საღამოს რატომ შევიკრიბეთ? ჩემი სხეულის გამო? ჩემი ფსიქიკის გამო? ან მე მინდოდა მოსვლა, გადავწყვიტე მოსვლა? ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ იქნებოდა ლექცია, ეს თემა საინტერესოდ მომეჩვენა და შემდეგ იყო გადაწყვეტილების მიღების აქტი – მე გადავწყვიტე აქ მოსვლა. ამ დაკვირვებიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომ მე უფრო მეტია, ვიდრე სხეული და ფსიქიკა. მე უფრო ვიწრო გაგებით – ეს არის ცენტრი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. ცენტრი, რომლის გადაწყვეტილებებსაც მოქმედებამდე მივყავართ. მე თავისუფალი ვარ, მაგრამ არა სრულებით.

არავის დაუძალებია, სუბიექტურად ვგრძნობ, რომ თავისუფალი ვარ საკუთარ გადაწყვეტილებებში. მე არის როგორც ინსტანცია, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, თავისუფლების გარკვეულ დონემდე. და აქ მე არის კიდევ ისეთი რაღაც, რასაც ვუწოდებთ პერსონალურობას. ხდება ხოლმე, რომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბოლომდე ჩვენი არ არის. მაგალითად, მეგობარი ამბობს: „დღეს ლექციაზე მივდივარ, ერთად წავიდეთ“. მაშინ მე ვამბობ, მაგალითად: „თუ ფიქრობ,  რომ ლექცია საინტერესოა, მაშინ წავიდეთ“. და მივდივარ კამპანიისთვის. ჩემთვის არავის დაუძალებია, ეს მთლიანობაში თავისუფალი ქმედებაა. მაგრამ მე რომ უფრო ყურადღებით ჩამეხედა საკუთარ თავში, მაშინ, ალბათ, სხვა საქმით დავკავდებოდი. ამგვარი ფენომენები ცხოვრებაში ხშირად გვხვდება.

რაღაცას ვაკეთებთ „ნახევარგულით“, ბოლომდე არ ვიხარჯებით. ამას თავისუფლად ვაკეთებთ, მაგრამ არცთუ ისე გულისყურით ვეკიდებით. და როდესაც ამგვარად ვიქცევით, საკუთარ თავთან დამოკიდებულებაში ვგრძნობთ, რომ თითქოს რაღაც გვჭირდება. გამუდმებით რაღაც გვხიბლავს, ჩვენით მანიპულირებს. რაღაცას ვაკეთებთ, რადგან სხვას ეს მოსწონს. ჩვენ სხვას ვენდობით და ამიტომ ვაკეთებთ ამას თუ იმას. ასეთი შეგრძნება მაქვს: დაძალებით არავინ მაძალებს. და ვამბობ: დიახ, ამას გავაკეთებ.

ვხედავთ, რომ მე-ს თავისუფლების გარკვეული არეალი აქვს, რომელმაც შესაძლოა მიმიყვანოს საკუთარ თავთან გაუცხოვებამდე. მაგრამ ჩემში სხვა პოლუსიც არის. როდესაც მე ნამდვილად ვთვლი რაღაცაზე, რასაც ვაკეთებ – რომ ეს კარგია, უნდა გავაკეთო. თუ მე ვაკეთებ იმას, რასაც ვგრძნობ, რომ მართლაც საკუთარი გადაწყვეტილებაა და მე-ც ორიენტირდება ამ კომპასზე, მაშინ მე ვარ ნამდვილი მე, უფრო დიდი, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა ვმოქმედებ ნახევარგულით.

და სწორედ ამ მე-ს, რომელსაც მივყავარ გულგრილ გადაწყვეტილებამდე, შეუძლია გამარიდოს იმ მე-ს, რომელიც ნამდვილად ჩემია. შინაგანად ვგრძნობ: რომ რაღაც ისე არ არის. თუმცა შესანიშნავად ვფუნქციონირებ: სხვები მაფასებენ, პატივს მცემენ – სამსახურში, ოჯახში. ყველას მოსწონს, თუკი იმას გავაკეთებ, რასაც ჩემგან მოითხოვენ. და მაშინ ვფიქრობ: დიახ, ცხოვრება ასეთია, სხვას საშუალებები არ არის, მე ასე უნდა ვაკეთო, ყველა ასე იქცევა. მე განვიცდი უბედურების და დაუკმაყოფილებლობის გარკვეულ დონეს – მაგრამ მივუთითებ იმაზე, რომ ზრდასრული ადამიანი არ თვლის, რომ მუდმივად ბედნიერი უნდა იყოს, – და ამგვარად, ასეთ მდგომარეობაში შეიძლება ვიცხოვრო წლობით ან ათწლეულობით. სინამდვილეში კი საკუთარ ცხოვრებას არ ვატარებ სრულფასოვნად და ავთენტურად.

შინაგანი პოლუსი სრულფასოვანი განცდებისა – ესაა პერსონალური ადამიანში. თუ მე თქვენ, მაგალითად, გკითხავთ: როგორ ხართ – სავსებით პერსონალურად – მიუდგებით ამ აზრს, რომელსაც ახლა ვაჟღერებ? რას ფიქრობთ ამის შესახებ? არა თეორიულად ან ფსიქოლოგიურად, არამედ როგორც – მე ღრმა აზრით, საკუთარი თავის სიღრმეში. მაშინ პერსონალურობა ჩემში გააქტიურდება, ის იწყებს რეაგირებას.

თუკი მე საკუთარ თავს დავუსვამ კითხვას: უფრო სიღრმისეული აზრით – თუ რასთან როგორი დამოკიდებულება მაქვს? რას ვფიქრობ ამ საკითხის შესახებ? მაშინ მე მოვიხმობ ჩემში არსებულ პერსონალურს – და ჩვენ ყველას გვაქვს ინტუიციური პასუხი. იმიტომ, რომ ჩვენში პერსონალურობა იწყებს გააქტიურებას. აქ ადგილი აქვს ადამიანში მესამე განზომილებას. ეს მე არის პერსონალური და არა იდენტური სხეულის, ფსიქიკის და ფსიქოდინამიკისა. მაგრამ ჩემში არის რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ფიზიკურობა და ფსიქოდინამიკა. ჩვენში არსებულ სწორედ ამ ინსტანციას  დავაკვირდებით ახლა გამადიდებელი შუშით.

 

***

თავდაპირველად დავსვათ კითხვა: რა არის მე? და როგორ შევძლებთ უფრო დაწვრილებით აღვწეროთ პერსონალურობა? შემდეგ განვიხილავთ, თუ როგორაა გადაჯაჭვული მე და პერსონალურობა.

ამგვარად, მე არის ჩვენი თვითცნობიერება. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მე-ცნობიერება, ეს არის მე-განცდებიც – ჩვენ არამხოლოდ ვაცნობიერებთ, არამედ განვიცდით კიდეც საკუთარ მე-ს. მას მიეკუთვნება ჩემი სხეული, გრძნობები, იმპულსები, მოტივაცია, მისწრაფებები და ასევე გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარი მტკიცე ნების გამოვლენის უნარი.

როგორ წარმოიქმნება ეს მე? ამისათვის გვჭირდება სამი წინაპირობა: 1) პატივისცემის გამომხატველი ყურადღება, 2) სამართლიანი მოპყრობა, 3) ღირებულებების აღიარება.

თავდაპირველად პატივისცემის გამომხატველი ყურადღების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვს ყურადღებას ვუთმობთ. მას ნამდვილად ვხედავთ და ისიც თავს აღმოჩენილად გრძნობს. ბავშვს უნდა, რომ ყურადღება მიაქციონ, დაინახონ. მაგალითად, როდესაც დედა საკუთარ ჩვილს ძუძუთი კვებავს, ბავშვი მშობელს თვალებში უყურებს. იმას, რომ დედა და შვილი ერთმანეთს თვალებით ხვდებიან, გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია, დედა ყოველივე ამასთან ერთად არ გადაერთოს ტელევიზორზე ან რომელიმე სხვა საგანზე. იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს განავითაროს საკუთარი მე, მას სჭირდება რძე, სითბო, მაგრამ ასევე შემხვედრი გამოხედვა. ბავშვი თვალებით იკვებება დედის გამოხედვით. დედის გამოხედვა ისეთივე აუცილებელია, როგორც რძე.

ძალიან ცოტა ადამიანმა იცის ამის შესახებ, მაგრამ არის საკმარისი კვლევები, რომელიც ზემოხსენებულს ამტკიცებს. მე-მ რომ შეძლოს განვითარება, გვჭირდება ადამიანები, რომლებიც გვხედავენ, რომლებიც გვიყურებენ. როდესაც თანდათანობით ვიზრდებით, ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც გვიყურებენ, გვითმობენ ყურადღებას და აღიარებენ ჩვენს საზღვრებს. პატივს სცემდე ბავშვს, ნიშნავს, რომ არაფერი კეთდება მის თავს ზემოთ, აღიარებულია მისი საზღვრები. მაგალითად, მისი მოზარდობის ასაკში მშობლები კარზე აკაკუნებენ, რადგანაც ამ ფაზაში მე იმდენად მომწიფებულია, რომ სრულფასოვანი ზრდასრული პიროვნებაა. ეს არის პატივისცემის გამოხატვა და საზღვრების აღიარება. იმიტომ, რომ თუ არ ვცემთ პატივს სხვა ადამიანის საზღვრებს, ჩვენ ვიჭრებით მის სივრცეში, ვაბიჯებთ თავზე.

როდესაც განვიცდი, რომ ვერ მხედავენ, ვერ მამჩნევენ, მაშინ ვიწყებ საზოგადოებაში ასეთივე ქცევას. ვიწყებ ბრძოლას იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს მომაქციონ ყურადღება. ვიწყებ ვნებიანი სიტყვების გამოყენებას, ვიცვამ კაბას, რომელიც აშკარად შესამჩნევი ხდება, მკვეთრ მაკიაჟს ვიკეთებ. და ირგვლივ ყველა გრძნობს: ის ცდილობს ყურადღება მიიპყროს, მას უნდა, რომ გამუდმებით ყურადღებას აქცევდნენ. თუკი ბავშვობაში მართლაც არ მითმობდნენ ყურადღებას, მაშინ მე ვცდილობ ამის კომპენსირებას უფროს ასაკში. ადამიანში ისტერიკული ქცევა არის იმის შედეგი, რომ ბავშვობაში არასაკმარისად ამჩნევდნენ და აღიარებდნენ. ბუნებრივია, არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ესაა.

შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ: როგორ ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში? სინამდვილეში ვინ მხედავდა? ჩემი მშობლები? მასწავლებელი? მეგობრები (ან მეგობარი)? იქნებ, პირველად ნამდვილად ჩემმა პარტნიორმა დამინახა? ან შეიძლება ვერც ის მხედავს? როდესაც ადამიანს ესმის ასეთი კითხვები, ამასთან ერთად მას უჩნდება გარკვეული შეგრძნება: ერთნი განიცდიან მადლიერებას, მეორენი ტკივილს – ეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აქვს განცდა „სინამდვილეში არავის დავუნახივარ“. მე-ს განვითარებისათვის საჭირო პირობა არის ის, რომ მე მამჩნევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია საკუთარი განვითარების პროცესში მე დასუსტდეს.

მეორე, რაც აუცილებელია, – ესაა სამართლიანი მოპყრობა. სხვებმა უნდა აღიარონ ჩემი განუმეორებლობა, თვითმყოფადობა. მომცენ ის, რაც მეკუთვნის. მაგალითად, რაღაც გავაკეთე, გავუმკლავდი რომელიმე დავალებას. მაშინ იმის აღიარება, რომ ჩემ მიერ რაღაც შესრულდა – ეს არის ჩემი აღიარება, და არა ჩემი დის. ეს დიდი ტკივილია, თუ, მაგალითად, ოჯახში და ან ძმა ყურადღებას იქცევს იმით, რასაც აკეთებენ, ხოლო მე ვერ ვიღებ ამ ყოველივეს. ან კლასში – ერთ ნაწილს აფასებენ და ყურადღებას აქცევენ, ხოლო მე არა. ეს მე-ს განვითარებას აფერხებს.

მნიშვნელოვანია ფორმა, რომლითაც ჩვენ შეიძლება გამოვცადოთ სამართლიანი მოპყრობა საკუთარი თავის მიმართ – როდესაც ჩვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც ავლენენ ემპათიას ჩვენდამი დამოკიდებულებაში, ჩვენთან ერთად განიცდიან, გრძნობენ, თუ როგორ ვართ ახლა; რომლებიც ხვდებიან, თუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომლებიც ჩვენთან ახლოს არიან და ამით ამყარებენ ჩვენს პირადს. ისინი მე ამსახავენ ჩემი პიროვნების საკუთარი გაგებით – „ის, რასაც შენ განიცდი, მე შემიძლია ვიგრძნო და მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანია“. „ეს პრობლემა, რომელსაც შენ მტკივნეულად განიცდი, მე შემიძლია გავიგო“. ეს ყოველივე ბავშვს აძლევს შეგრძნებას: ის, რასაც მე განვიცდი, ღირებულია. თუ მე გამუდმებით ვგრძნობ, რომ ადამიანები მამჩნევენ, იცავენ ჩემს საზღვრებს, არ ერიდებათ ჩემთან მოახლოება და ჩემი პირადულის შეგრძნება, მაშინ მე (ბავშვს, ზრდასრულ ადამიანს) – კარგი საფუძველი აქვს მე-ს ჯანსაღი განვითარებისათვის.

მაგრამ აქ ასევე აუცილებელია მესამე კომპონენტი, და ეს შეიძლება იყოს ყველაზე რთული კომპონენტი. სახელდობრ: ღირებულებების აღიარება. ცნობილია თუ არა ჩემთვის საკუთარი ღირებულებების აღიარება? რას ნიშნავს, როდესაც ადამიანს აფასებენ? ფსიქოლოგიაში თუ სამსახურში, გამუდმებით გვესმის გამოთქმა, რომელიც სტერეოტიპი ხდება: „ადამიანები უნდა დავაფასოთ“. მაკდონალდსში არსებობს ტრენინგი ლოზუნგით „უნდა დავაფასოთ კლიენტი, უნდა გავიღიმოთ“. მაგრამ არის კი ეს ყოველივე ღირებულებების აღიარება?

ღირებულებების აღიარება – ეს ღრმად პერსონალური აქტია. სხვა ადამიანი მეუბნება, თუ როგორ მოახდინა მასზე პერსონალური ზემოქმედება ჩემმა საქციელმა. მაგალითად, ის ამბობს: „იცი, გულახდილად გეტყვი, მთელი გულით, ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის ის, თუ როგორ ეპყრობი ბავშვს ამ რთულ სიტუაციაში. ვიგრძენი, რომ ის, რასაც შენ აკეთებ, ღირებული და მნიშვნელოვანია“. არა რაღაც აბსტრაქტული განსჯის საფუძველზე, არა გარეგნული წარმატების საფუძველზე, რომელიც შენ გამოგივიდა – მე ეს ვიგრძენი აბსოლუტურად პერსონალურად, გულის სიღრმეში.

ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო შექება. რა არის შექება? გააკეთე – და კარგია, შეასრულე ისე, როგორც საჭირო იყო, შეცდომების გარეშე. ეს ფორმალური დაფასებაა. მაგრამ ის, რაც გვჭირდება – ეს პიროვნული პატივისცემაა, აღიარება ჩვენი ღირებულებების. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც თვალებში ჩაგვხედავს და მთელი გულით გვეტყვის: „ეს მაგარი იყო, კარგად გააკეთე. მაგრამ იმან, რაც შემდეგ საკუთარ ცოლს უთხარი, მე ტკივილი მომაყენა“. ამჩნევთ განსხვავებას? მე გადავცემ სხვა ადამიანს სავსებით პერსონალურ შეგრძნებებს. ჩვენ საკუთარი ცხოვრება უნდა ავაშენოთ გაცილებით დიდი პიროვნულობის ხარისხით. და გაგვაჩნდეს ვაჟკაცობა, რომ ეს გავაკეთოთ – რადგანაც ჩვენ, რა თქმა უნდა, დაუცველი ვართ, როდესაც საკუთარ თავს ასე წარმოვაჩენთ.

ამგვარად, ღირებულებების აღიარება ნიშნავს იმას, რომ იყო გულიდან დანახული – როდესაც გულით მაფასებენ; როცა რომელიმე ადამიანი ჩემ მხარესაა, როგორც პიროვნება, როგორც პერსონა. და რამდენადაც ეს ასე პერსონალურია, იმდენად კრიტიკულია. რასაც სხვა მეუბნება, მე გაცილებით დიდი დოზით შემიძლია მივიღო: მე ვგრძნობ, რომ ეს კრიტიკულად კონსტრუქციულია და არა ისე, რომ მე როგორც პიროვნება გაუფასურებული ვარ. ეს არის ხელოვნება, რომელიც უნდა ვისწავლოთ, უნარი, რომლის განვითარებაც საკუთარ თავში შეგვიძლია.

ბავშვებისთვის ეს აუცილებელია. მათ გამუდმებით უნდათ, რომ ისინი შეამჩნიონ. მიიღონ ემპათია, სამართლიანი მოპყრობა, მიიღონ განცდა, რომ ღირებულნი არიან. „მამა, ნახე, როგორი კოშკი ავაშენე“. „დედა, ნახე, როგორი ნახატი დავხატე“. ბავშვებს სურთ ამ სამი კომპონენტის მიღება, რაც აუცილებელია მათი მე-ს ჯანსაღი განვითარებისათვის.

ეს მეტად რთული დავალებაა – ავაგოთ საკუთარი მე. და მე-ს შენება არ სრულდება მაშინაც კი, როცა ადამიანს 18 წელი უსრულდება, ან მაშინ, როცა ის დისერტაციას იცავს. ეს გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამ სამ წინაპირობაზე დაყრდნობით. ისინი მე-ს ამყარებენ და მას მომწიფების საშუალებას აძლევენ. მე-ს ფორმირებისთვის ჩვენ სხვა ადამიანები გვჭირდება, სხვა ადამიანების გარეშე მე ვერ შეძლებს განვითარებას. მარტინ ბუბერმა გენიალურად ჩამოაყალიბა ეს ყოველივე ერთ მოკლე წინადადებაში: „მე შენით ყალიბდება მე-დ“. ვერცერთი ადამიანი ვერ დაბადებს მე-ს მხოლოდ თავისი თავიდან.

 

***

იმისათვის, რომ მე-მ შეძლოს განვითარება, მხოლოდ ამ სამი კომპონენტის მიღება საკმარისი არ არის, კიდევ რაღაც განსაკუთრებული უნდა იყოს: უნდა აითვისო ისინი და თითქოს გაიმეორო, შინაგანად ხელმეორედ აამოქმედო. როგორც მეპყრობოდნენ სხვები  – ისევე ვიწყებ საკუთარ თავთან მოქცევას, და ეს ტრაგიკული მომენტია. თუ სხვებს ამ სამ წინაპირობაზე დაყრდნობით არ ჰქონდათ ჩემდამი დამოკიდებულება, მე სხვების დამოკიდებულების ამ მეთოდს გადავიღებ საკუთარ თავთან მიმართებაში, ავამოქმედებ მას და შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში შევინახავ.

ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ: როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ და როგორც მექცეოდნენ ახლობელი ადამიანები, მეც ისე ვიწყებ საკუთარ თავთან მოქცევას და დამოკიდებულების გამოხატვას. ამას აბსოლუტურად მკაფიოდ ვხედავთ ფსიქოთერაპიაში. მაგრამ, თუ სხვებისგან მივიღე ეს სამი პირობა, სამი წინაპირობა, მაშინ ვიწყებ საკუთარი თავის პატივისცემას, საკუთარი თავის დანახვას, მიჩნდება საკუთარი იერსახე. და ვიწყებ საკუთარი თავის გაცნობას, ვგრძნობ: ვინ ვარ?

ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დარღვევები პიროვნული აშლილობის კუთხით, არ გააჩნიათ საკუთარი თავის მკაფიო სურათი, ან აქვთ მეტად შეზღუდული და დამახინჯებული მე.

თუ მივიღე ეს პირობები, მაშინ, პირველ რიგში, ვიცავ ჩემს საზღვრებს საკუთარ თავთან მიმართებაში. მაგალითად, ვგრძნობ: ახლა ჩემთვის რაღაც ძალიან ზედმეტია და მაშინ შემიძლია მოვუარო საკუთარ თავს. მე არ მოქმედებ ჩემი თავიდან გამომდინარე. ბუნებრივია, როდესაც ადამიანი 16-18 წლისაა, მან უნდა მოსინჯოს საკუთარი საზღვრები. მაგალითად, გუშინ დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მივიღე და მეორე დღეს ცუდად ვარ. მაშინ ვიღებ გადაწყვეტილებას: დიახ, ეს ძალიან ბევრი იყო, შემდეგ ჯერზე უნდა შევამცირო რაოდენობა. ამგვარად მოზარდები იკვლევენ საკუთარ საზღვრებს მე-ს ფორმირების გზაზე. მათ სჭირდებათ საშუალება, რომ ეს ყოველივე მოიმოქმედონ. რადგანაც წესები ასეთია: ის, რაც ბავშვობაში ან ახალგაზრდობაში ვერ მივიღე, ვცდილობ შემდეგში, მოგვიანებით მივიღო.

მეორე რიგში – მე თითქოს ვიღებ ასეთ სამართლიან დამოკიდებულებას საკუთარ თავთან მიმართებაში – და ვცდილობ, სამართლიანი ვიყო ჩემს თავთან. იმით, რომ სერიოზულად აღვიქვამ იმას, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მე მხარს ვუჭერ ჩემივე თავს. ვიბრძვი საკუთარი თავისთვის და ყველაფრისათვის. თუკი ვიცი, რომ საკუთარ თავთან არასაკმარისად სამართლიანი დამოკიდებულება მაქვს, მაშინ მეტად არადამაჯერებელი შეგრძნებები მაქვს, ვერ ვხვდები, რა არის სიმართლე. და ამ შემთხვევაში მეტად სუსტად მაქვს განვითარებული სინდისი.

მესამე რიგში – მე ვაფასებ საკუთარ თავს. მომწონს თუ არა, როგორ ვმოქმედებ, როგორ ვიქცევი? შემიძლია კი დავაფასო საკუთარი თავი იმის გამო, რასაც ვაკეთებ და იმის გამო, თუ როგორ ვაკეთებ? სიმართლე რომ ვთქვათ, რისთვის შემიძლია საკუთარი თავის დაფასება? თუ ეს არ ვიცი ჩემივე გამოცდილებაზე დაყრდნობით, მაშინ მე მაქვს დაბალი თვითშეფასება. ან თუ ეს თვითშეფასება ბაზირდება გარეგან, ზედაპირულ და არა შინაგან ფაქტორებზე, მაშინ ჩემი მე ასევე სუსტია.

თუ ჩვენ ჩვენივე თავთან დამოკიდებულებაში ვიყენებთ ამ სამ წინაპირობას, მაშინ შემიძლია ვთქვათ, რომ მე-მ განავითარა თავისი სტრუქტურა. რადგანაც, თუკი მე შემიძლია საკუთარი თავის დანახვა, შემიძლია საკუთარი თავის მხარდაჭერა და ჩემივე თავის სამართლიანად შეფასება, შემიძლია სწორი მიმართულებით გადავამუშაო მთელი ინფორმაცია, რომელსაც სამყაროდან და საკუთარი თავიდან ვიღებ – ამ სტრუქტურის წყალობით მე იღებს გარკვეულ სიმწიფეს და იქცევა ბაზად გარეგანი და შინაგანი მოთხოვნების ინტეგრაციისათვის. ოჯახს ჩემგან რაღაც უნდა, ასევეა სამსახურშიც და მეც მაქვს საკუთარი ინტერესები, – მე-მ კი ყოველივე ამის ინტეგრირება უნდა მოახდინოს და მოქმედებამდე მიმიყვანოს.

რა გავაკეთო ახლა – საკვების მისაღებად მივდივარ, დასაძინებლად თუ სამსახურში? მე იღებს გადაწყვეტილებებს. მე ყოველივე ამას უნდა გაუმკლავდეს, მაგრამ ეს ყოველივე რომ კარგად გავაკეთო, უნდა გამაჩნდეს ხედვა, საკუთარ თავს ვხედავდე, ვგრძნობდე, სერიოზულად ვეკიდებოდე და მქონდეს გარკვეული კრიტიკული დისტანცია მასთან. როგორც შედეგი, განვითარებული მე ასე შეძლებს ჩამოაყალიბოს ნება, რომელსაც აქვს ცნობილი სიმყარე. მაშინ შემიძლია ვთქვა: აი, ეს მართლაც მინდა და შემიძლია ვაკეთო, ხოლო ეს – არა. ამ ნებით მოვახდენ მოქმედებისა და არჩევანის თავისუფლების რეალიზებას.

რა არის ნება? ნება – ეს არის გადაწყვეტილება, თავი მიუძღვნა არჩეულ ღირებულებებს და მისთვის რამე გააკეთო. ანუ მე მინდა ეს და ამას ვაკეთებ. ნება – ეს არის ჩემ მიერ საკუთარი თავისადმი დასმული მოთხოვნილება რაღაცის კეთების. მხოლოდ ეს არის ნება. ნება შეიძლება მხოლოდ მე მიკავშირდებოდეს. ეს იქნება საზღვრების შეუნარჩუნებლობა, თუ მე მინდა, რომ ვინმემ რაღაც გააკეთოს. ნების დაბადება – ეს მე-ს მიღწევაა, მისი საქმეა. ეს არის მე, რომელიც იღებს გადაწვეტილებას და ასრულებს კიდეც.

***

ახლა კი შეკითხვა: როგორ დგას საქმე პერსონალურობასთან დაკავშირებით? მე გვჭირდება ყოველდღიური ცხოვრებისთვის. რა არის პერსონალური დონე? ეს რაღაც ფუფუნებაა, დეკორაცია, რომ დაამშვენოს ჩვენი ცხოვრება? მაგალითად, გვაქვს გეგმა, მაგრამ გამოჩნდება პერსონალურობა – და მთელი გეგმა ჩაიფუშება?

პერსონალურობა ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. ადამიანის არსიეს მისი პერსონალურობაა. მე – ეს არის გადაწყვეტილებების მიღებისა და მოქმედების ცენტრი. პერსონალურობა კი – არის ცენტრი, რომელიც ორიენტირებს იძლევა. პერსონალურობა, მაგალითად, ადამიანის სახეზე იჩენს თავს. გერმანულ და რუსულ ენებში არის განსაზღვრება,  რომელიც გულისხმობს ხატზე გამოსახულ სახეს. თუ მე ადამიანის პერსონალურობას მივმართავ, მას თვალებში ვუყურებ. თვალები – ეს არის პერსონალურობის „ფანჯარა“.

ადამიანის სახე პერსონალურობისთვის მეტად აუცილებელია. ჩვენ შეიძლება განვიცადოთ, რომ სახეს ვკარგავთ და მაშინ გვრცხვენია. პერსონალურობა – ეს ადამიანის არსებაა. ეს ჩემი სიღრმისეული მე-ა. ეს ჩემში თვითმყოფადია. არც ნიღაბი, არც ავტომატური რეაგირება. ბუნებრივია, მე შემიძლია მოვიქცე არაპერსონალური გზით, მაგრამ პერსონალურითაც შემიძლია. პერსონალურობა ჩემში – ეს ის არის, რისი წყალობითაც გამაჩნია ღირსება. ადამიანს აქვს ღირსება იმიტომ, რომ ის არის პიროვნება, სახე, პერსონა.

ეს უფრო საერთო სურათია. მაგრამ თუ ამ ყოველივეს მეტად კონკრეტულს გავხდით, ჩვენ შევძლებთ დავსვათ კითხვა: როდის ხდება ჩვენი ურთიერთობები პერსონალური? მაგალითად, სამსახურში ან პარტნიორულ ურთიერთობებში? თუ მე ვინმესთან ამინდის ან რამე ფაქტების შესახებ ვსაუბრობ, აქ არ იქნება პერსონალურობა. საუბარი პერსონალური ხდება მაშინ, როდესაც იმაზე ვსაუბრობ, რაც ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანია. რა მახარებს, რა მაყენებს ტკივილს, რის მიმართ განვიცდი შიშს. არა ფაქტები, არამედ შინაგანი გრძნობები, განცდები, აზრები, რომლებიც ეკუთვნის ჩემს ცხოვრებას. ეს სიღრმისეული მე-ა, მას საკუთარი დინამიკა აქვს. პერონალურობა ესწრაფვის დასწრებას. მას სინამდვილე სურს. გერმანულად ეს ასე ჟღერს: „მე ვდგავარ რაღაცის წინ“. ეს რაღაც იწყებს ჩემში რეზონირებას.

სიღრმისეულ მე-ს გააჩნია სამი უნარი, რომელიც ჩვენი მე-ს განვითარების პარარელურად ვითარდება, რომელსაც ვიაზრებთ და მათ შესახებ ვსაუბრობთ. სიღრმისეული მე ხედავს და ის, რომ იგი ხედავს – არსებითია. მეორე – ის იმოქმედებს ინტეგრირებულად. ადამიანი აღიქვამს, მის გამოცდილებას გადასცემს ჩვენი გაცნობიერებული მე-ს განკარგულებაში. მესამე – სიღრმისეული მე წამსვლელია შეხვედრაზე. პერსონას სურს შეხვედრა მე-სთან და შენ-თან. როდესაც ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, გვინდა შევეხოთ სხვის არსებას, შევხვდეთ, მივაღწიოთ მას.

რა არის ეს პერსონალურობა, ეს სიღრმისეული მე განცდების თვალსაზრისით? აქ გვხვდება სირთულე გაგების მხრივ. რადგანაც პერსონას არ აქვს სუბსტანცია და არ გააჩნია მკაცრი სტრუქტურა. მე-ს აქვს განვითარებული სტრუქტურა, მაგრამ პერსონას არ აქვს ასეთი სტრუქტურა. პერსონალური – ეს არის უნარი, შეხვიდე რეზონანსში სხვასთან, შეხვიდე რეზონანსში მე-სთან და ამ რეზონანსში ის თითქოს შეესაბამება საკუთარ ყოფას. პერსონალურში მე მოვდივარ რეზონანსში ჩემს სიღრმისეულ წყაროსთან. პერსონალურის დავალებაა – ააგოს არსებითი ურთიერთობები, არსებითი კავშირი ყველაფერთან, რასაც ვპოულობ. ყველაფერთან, რაც ჩემ ირგვლივაა, შემიძლია ავაწყო ასეთი სიღრმისეული ურთიერთობა. პერსონალური გამუდმებით რეზონანსშია. ეს რეზონანსი მაძლევს საჭირო ინფორმაციას იმის შესახებ, რაც არის ჩემს ირგვლივ.

მაგალითად, პერსონალური მიხსნის, ვისი სიყვარული შემიძლია. მე ვგრძნობ რეზონანსს. მაგალითად, ვხედავ საკუთარ დედას, მამას ან პარტნიორს და ვრძნობ: ეს ადამიანი ჩემთვის მნიშვნელოვანია. ვინ განიცდის ამას? ჩემში არსებული პერსონალური, ჩემი სიღრმისეული მე. პერსონის ეს შინაგანი ხმა ჩემს მე-ს აგებინებს, როგორც გადაწყვეტილების ცენტრს: „ეს ადამიანი ჩემთვის მნიშვნელოვანია“, ესე იგი მინდა ამ ადამიანისთვის რაღაც გავაკეთო. ის უბიძგებს ჩემს მე-ს: მოიმოქმედე რამე. მაგალითად, პარტნიორული სიყვარული, ფილოსოფოსი მაქს შელერის გაგებით – ეს არის რეზონანსი შენ-სა და მე-ს არსს შორის. ჩვენ ვამბობთ: ეს ორნი ერთ ტალღაზე არიან. აქ რაღაცნაირი სულიერი ნათესაობაა. ადამიანი, რომელიც მიყვარს, ჩემთვის უცხო არ არის. ჩვენ მონათესავე სულები ვართ. ამიტომაც გარკვეული დოზით ვეკუთვნით სხვას. ეს პერსონალური სიყვარულია.

სიღრმისეულ მე-ს შეუძლია აღიქვას გაცილებით მეტი: მაგალითად, აღიქვას ის, რაც არის მშვენიერი. საიდან ვიცით, რომ რამე არის მშვენიერი? მაგალითად, მუსიკა, მზის ამოსვლა ან ბავშვის სახე. ჩვენ ვიღებთ გარკვეულ ბიძგს შინაგანი სამყაროდან და ამას შევიგრძნობთ. ამ ბიძგის გავლით, ამ რეზონანსის მიხედვით სიმშვენიერე გვიზიდავს. ესთეტიკის უნარი – პერსონალურია.

სიღრმისეული მე-ს შემდეგი უნარი – დაადგინოს ის, რაც სიმართლეა. ჩვენ ვგრძნობთ: რასაც ვაკეთებთ, კარგია თუ ცუდი. ბუნებრივია, მთელი ჩვენი სოციალური გამოცდილება, ის, რაც ვისწავლეთ ცხოვრების განმავლობაში, აქ ასევე თამაშობს გარკვეულ როლს. საზოგადოებაში ცხოვრებამ მასწავლა, რისი კეთება შეიძლება და რისი არა. ეს რაღაც არის, რაც მე ავითვისე ინტეგრირების გზით, სოციალიზაციის პროცესში. თუ ვსაუბრობთ პერსონალურობის შესახებ, ადამიანის უფრო ღრმა მე-ზე, მაშინ ვგულისხმობთ რაღაც სხვას. ეს არის ინტიმური შინაგანი შეგრძნება, განცდა, მართებულია თუ არა რამე. მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია იმისგან, რასაც სხვა ადამიანები ამის შესახებ ამბობენ. ამ უნარს ვუწოდებთ პერსონალურ სინდისს. პერსონალურობა შეიძლება თან გვდევდეს მძიმე განცდების დროსაც. ის მარტოს არ გვტოვებს მაშინაც კი, როდესაც ცხოვრებაში მძიმე ვითარება იქმნება. რთულ სიტუაციაშიც კი ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ რეზონანსი: მე ვრჩები ჩემად.

შევაჯამოთ წარმოთქმული

პერსონალური – ეს არის სიმართლის განცდა. პერსონალურობა არაფერ სხვაში არ მომეცა, გარდა გრძნობებისა: „დიახ, ეს სიმართლეა“. მაგრამ საიდან მოდის ეს შეგრძნება? ის მოდის რაღაც სიღრმეებიდან (ან შეიძლება სიმაღლიდან), რომელიც ჩვენთვის მიუღწეველია სრული გაცნობიერებისათვის, მაგრამ რომელიც საიდანღაც, სიღრმიდან ტივტივდება. პერსონალური გაცილებით აღემატება იმას, რაც არის ჩვენი შეზღუდული მე. ამას შეიძლება ვუწოდოთ ადამიანის სულიერი საფუძველი. სულიერება ნიშნავს: ჩვენ ვიძენთ გამოცდილებას – ჩემში არის რაღაც ისეთი, რაც მე საგრძნობლად აღმემატება, ჩემს შეზღუდულ მე-ზე მეტია. და ის, რაც მე არ შემიძლია სრულად გავიგო და ავხსნა, მაგრამ შემიძლია შევესაბამებოდე მას. მე შემიძლია ამ დასაწყისს მივცე სივრცე საკუთარ ცხოვრებაში.

ეს შეიძლება შევადაროთ ფლეიტის ჰანგებს. რა არის ფლეიტის ხმა? ეს წმინდა რეზონანსია. ჩვენ არ შეგვიძლია მას ხელით შევეხოთ და შევაჩეროთ. რა უბერავს ფლეიტაში და ქმნის ამ ჰანგებს? ეს არის შეხვედრა. მელოდია ჩნდება ინტიმური სიღრმეებიდან, ამავდროულად – უსასრულო სიშორიდან. ამ გზით ჩვენში ჩნდება, ტივტივდება ეს რეზონანსი, რომლის წარმომავლობა და წყაროები არ შეგვიძლია ავხსნათ.

გადავიდეთ ჩვენი ლექციის უკანასკნელ ნაწილზე. როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ დამოკიდებულება მე-სა და პერსონალურს, ადამიანში არსებულ სიღრმისეულ საწყისს შორის? პერსონალურს სურს დასწრება, მას გამუდმებით უნდა მე-სთან საუბარი. მაგალითად, მიტივტივდება აზრი: „ეს საინტერესოა“. საიდან მოდის ეს აზრი? ვინ წარმოთქვამს მას? აქ არ არის არანაირი ლოგიკური თანმიმდევრულობა. ეს არის პერსონალური საწყისის შემოქმედებითი აქტი. ის ამბობს: „მე ეს მაინტერესებს, ღირებულია“. „რა მშვენიერია“. „შენი გამოხედვა მე მეხება“. ამ გზით, ადამიანში არსებული პერსონალური საწყისი გამუდმებით ისრუტავს ინფორმაციას. მაგრამ თუ ამ ინფორმაციას შეუძლია წარმოქმნას რეზონანსი, მაშინ ადამიანს უჩნდება შეგრძნება: ეს რაღაც მნიშვნელოვანია. ის, რასაც ჩემთან შეხება აქვს, შეხება აქვს ასევე ჩემს არსებასთან. მე-ს ესმის ის, რასაც ამბობს პერსონალური საწყისი. და შეუძლია დაიწყოს რაღაცის კეთება ამასთან დაკავშირებით, აკეთოს ის, რაც მას პერსონალურმა შეატყობინა.

პერსონალური ბავშვის მსგავსია, მე კი – დედას ჰგავს, რომელსაც ის ხელში უჭირავს. ის ჩვენ გვენდობა. თუკი პერსონალური ჩემში საუბარს იწყებს, რამე ხმას გამოსცემს, მაშინ მე ვარ როგორც დედა, რომელსაც შეუძლია მოუსმინოს და ბავშვი ხელში აიყვანოს. მე ეს არ უნდა გავაკეთო, არავინ მაიძულებს, მაგრამ თუ ადამიანმა აღიქვა ეს რეზონანსი, ხმა, და თქვა „მე მინდა ისე მოვიქცე, როგორც ის მეუბნება“, მაშინ მე განიცდის თავისუფლებას. მაშინ შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს შეგრძნება: მე არ შემიძლია სხვანაირად მოვიქცე, თუ ჭეშმარიტად მე ვარ.

ამგვარად, არჩევანის თავისუფლება, ნების თავისუფლება – მე-ს ინსტანციაშია, მაგრამ არსობრივი თავისუფლება ფესვებს იდგამს პერსონალურობაში. და ასე შეიძლება განცდა, რომ მე საკუთარ თავზე ვარ მინდობილი. შემიძლია კი ვგრძნობდე, რომ საკუთარ თავს ვენდობი? რომ პასუხს ვაგებ საკუთარ თავზე – ჩემს სხეულზე, გრძნობებზე, შერწყმაზე, მისწრაფებებსა და სურვილებზე, მაგრამ უპირველესად – იმაზე, ვარ თუ არა ჭეშმარიტად საკუთარი თავი. პერსონალური, სიღრმისეული მე იწყებს საუბარს, ხოლო მე პასუხობს პერსონალურს. ხანდახან მე ეკითხება პერსონალურს: და შენ რას ფიქრობ ამ საკითხის შესახებ? მაგალითად, „საჭიროა თუ არა თუ არა პროფესიის შეცვლა?“ მე კი პასუხობს: „ოჰ, გამოჩნდება უამრავი საზრუნავი! ჰეი, პერსონალურო, შენ რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით?“ და ასე წარმოიქმნება შინაგანი დიალოგი.

ეს შინაგანი დიალოგი პერსონალურობასა და მე-ს შორის – სულიერი ჯანმრთელობის გადამწყვეტი მომენტია. შინაგანი დიალოგის გარეშე საკუთარ თავთან ვუცხოვდებით. მის გარეშე ვერ შევძლებთ სრულფასოვნად გადავამუშაოთ ჩვენი განცდები და ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ვხვდებით. ადამიანების უმეტესობას აქვს შინაგანი დიალოგის გამოცდილება და შედის საუბარში საკუთარ თავთან. ზოგჯერ ეს გამოიყურება, როგორც ფიქრი, ზოგჯერ კი როგორც გრძნობა, შეგრძნება. თუკი ადამიანს რაღაც არ უხდება, პერსონალური მაშინვე ეუბნება: სტოპ, აქ რაღაც არაა ჩემთვის კარგი. ხან კი ამბობს: ეს ზუსტად საჩემოა! პერსონალური ამბობს „ეს საქმე მნიშვნელოვანია, მაგრამ თავი დაანებე“ და შთააგონებს გამბედაობას.

ეს ორი ინსტანცია – მე და პერსონა ერთმანეთს ავსებს. ამიტომაც მე შემიძლია ვთქვა: მე საკუთარ თავთან ვსაუბრობ. მე და მე. ეს ჰგავს დიალოგს სხვა ადამიანთან, აქაც იგივენაირი სტრუქტურაა, კერძოდ: საუბარი და მოსმენა. მაგრამ ამოცანები განსხვავებულია: მე უნდა ვიმოქმედო, მე-ს წინ დგას ინტეგრირების ამოცანა, მაგალითად – შიმშილი, შიში, საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა. პერსონალურობა (პერსონა) კი იმყოფება თითქოსდა უკანა ფლანგზე და უყურებს იმას, რაც ხდება. პერსონალური არ მოქმედებს, მხოლოდ აღიქვამს, თუ რა ხდება. პერსონალური – ეს მხოლოდ რეზონანსია, რომელიც ჩემში წარმოიქმნება მაშინ, როცა უნდა იმოქმედოს მე-მ.

ზოგჯერ მე შეიძლება უთხრას პერსონალურს: „ნუ მიშლი ხელს. მე ვაცნობიერებ, რას ფიქრობ შენ ამ საკითზე, მაგრამ მე ამის გაკეთება მინდა და მორჩა“. ფსიქიკა აცხადებს: მეც მაქვს ჩემი წესები, ან: მე მეშინია, ვშიშობ. ვიცი, რაც არის საჭირო გამოცდისთვის მოსამზადებლად და მის ჩასაბარებლად, მაგრამ ძალიან  მეშინია და არ შემიძლია. ასეთ სიტუაციებში პერსონალურსა და მე-ს შორის ჰარმონია არ არის. მაშინ ჩვენ განვიცდით, რომ შეიძლება საკუთარი თავი დავკარგოთ; რომ ასეთ სიტუაციებში ვერ შევძლებთ ვიყოთ ნამდვილად ის, ვინც ვართ.

მე უნდა ვიმოქმედო, მაგრამ ეს წარმოადგენს ძალიან ბევრი გავლენის პლატფორმას. ერთ-ერთი ამ გავლენებიდან – ეს ისაა, რასაც ჩემში ამბობს პერსონალური. მე იძულებულია, იმოქმედოს, ის ვერ შეძლებს უმოქმედობას. პერსონალურს კი უბრალოდ ყოფნა უნდა. თუკი მე მოქმედებს პერსონალურთან ჰარმონიაში, თუ აქ, როგორც კარლ როჯერსი ამბობს, ადგილი აქვს კონგრუენტობას აღნიშნულ ინსტანციებს შორის, მაშინ ადამიანი ავთენტურია. ავთენტურობა გულისხმობს ნამდვილობას. ცხოვრება, მოქმედება, საუბარი – საკუთარი ნამდვილი არსებობიდან. ავთენტურობა – ეს საკუთარი თავის ერთგულებაა. მე თავის მხარეზე იმყოფება.

ავთენტურობა მე შეიძლება აღვიქვა მხოლოდ რეზონანსზე დაყრდნობით. რეზონანსზე, რომელიც არის ნამდვილი. ინსტრუმენტი აწყობილია, როცა ყველა ბგერა ჰარმონიაშია. თუკი ჩემში არსებული მრავალრიცხოვანი სიმებიდან ყველა ჰარმონიაშია, მაშინ ვამბობთ: ინსტრუმენტი სწორადაა აწყობილი. ამგვარად, მე ავთენტური ვარ, როცა ნამდვილად ვარ პერსონალური. თუ ჩემი ქმედებები და საუბარი იმის შესაბამისია, რაც ჩემთვის მართალია, მაშინ მე ჩემ მხარეს ვარ.

დასკვნითი აზრი

გამომდინარე ჩვენი ჭეშმარიტი არსებობიდან, ჩვენი პერსონალურობიდან – ჩვენ სამყაროში არ ვართ იმისთვის, რათა მუდმივად რაღაც ვაკეთოთ, ჩავიდინოთ რამე მოქმედება. ეს მხოლოდ მდგომარეობაა საიმისოდ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ცხოვრება. არსებითად, ჩვენ სამყაროში იმისთვის ვართ, რომ უბრალოდ ვიყოთ. უბრალოდ შევძლოთ ყოფნა. ამ შეგრძნებით – ყოფნა – შეიცავს დიდ სიმშვიდეს. უბრალოდ რომ შევძლოთ ვიყოთ, ვინც ვართ. სხვა ადამიანთან, ჩვენს სამყაროსთან. უბრალოდ ყოფნა – მაგალითად, როგორც არის ცა, მდელო, ყვავილი ან ზღვა.

 

Leave A Reply

error: Content is protected !!